16 ნოემბერი 2024,   20:19
ვრცლად
ზუსტად ერთი თვე 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე - საარჩევნო მარათონში 19 სუბიექტი ერთვება

"ქართული ოცნების" საარჩევნო სია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა წარუდგინა. სწორედ მამუკა მდინარაძისგან გახდა ცნობილი, რომ მმართველი პარტიის სია, 150-ის ნაცვლად, 170-კაციანია. ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში "ოცნების" გუნდს საკონსტიტუციო უმრავლესობა ეყოლება და, ძველ სახეებთან ერთად, დეპუტატის პორტფელს ახალი სახეებიც ჩაიბარებენ. "ქართული ოცნების" გათვლებით, მმართველი გუნდის დეპუტატების რაოდენობა მომავალ პარლამენტში ასს - მინიმუმ რამდენიმე ათეულით გადასცდება. გრძელი სიის სათავეში ბიძინა ივანიშვილია, ათეულს კი "ოცნების" სხვა ლიდერები ინაწილებენ.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 155-კაციანი სია წარუდგინა "ნაციონალური მოძრაობის", "სტრატეგია აღმაშენებლისა" და "ევროპული საქართველოს" ერთობამ. ცესკო-ში სიის წარდგენის შემდეგ გახდა ცნობილი ხუთეულის შემადგენლობაც.

გიორგი გახარიას პარტიამ საარჩევნო სია ცესკო-ს წარუდგინა, თუმცა გაირკვა და საბოლოოდ დაზუსტდა, რომ პარტიის თავმჯდომარეს მოქმედი დეპუტატი მიხეილ დაუშვილი პრეზენტაციის დროს არათუ გამორჩა, არამედ სიაში საერთოდ არ ჩაუწერია.

გახარიას გუნდთან წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, კოალიციამ "ძლიერი საქართველო" ცესკო-ს მათი გაერთიანების ბაზაზე შედგენილი 108-კაციანი სია გადასცა. საარჩევნო ადმინისტრაციაში მისვლამდე, "ლელოს" შტაბში სიის პრეზენტაცია გაიმართა. პირველი ნომერი მამუკა ხაზარაძე იქნება. აღმოჩნდა, რომ სიაში არ იქნებიან, გუშინ, დემონსტრაციულად წარდგენილი გიორგი მარგველაშვილი და დავით უსუფაშვილი.

ნანა მალაშხია, ნიკა მელია, ზურა გირჩი ჯაფარიძე, გიორგი ლემონჯავა და თენგიზ თევზაძე - ასეთია ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას პარტიის პირველი ხუთეულის შემადგენლობა. ცესკო-ში სიის წარდგენის პარალელურად, სიის ოცეულიც გასაჯაროვდა. ელენე ხოშტარია, რომელიც მელია-გვარამია-ჯაფარიძის კოალიციის ერთ-ერთი ლიდერია, 16 ნომრადაა დასახელებული.

პარტიების ნაწილმა ცესკო-სთვის საარჩევნო სიის გადაგზავნისთვის ელექტრონული გზა აირჩია. ასეთია პარტია ”გირჩი", სადაც პრაიმერიზის გზით განსაზღვრეს შემადგენლობაც და სიის პირველი ნომერიც - რომელიც იაგო ხვიჩიაა. კოალიციებსა და ერთობებზე უარი თქვეს "ლეიბორისტულ" პარტიაშიც, ამის მიზეზად კი ოპოზიციის მიმართ უნდობლობა დაასახელეს. ტრადიცია ამ პოლიტიკურ ძალას არც 2024 წლის არჩევნებზე დაურღვევია და სიის სათავეს კვლავ შალვა ნათელაშვილი იკავებს.

საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებულ პოლიტიკურ გაერთიანებებს, პარტიული სიების წარდგენისთვის, ვადა დღეს, 18:00 საათამდე ჰქონდათ. ცესკოს მონაცემებით, ამ შესაძლებლობით 19-მა პარტიამ ისარგებლა.

არაუგვიანეს 6 ოქტომბრამდე კი ცნობილი გახდება, რომელი პარტიაა უფლებამოსილი, 26 ოქტომბრის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

დღის ამბები