21 დეკემბერი 2024,   21:10
ვრცლად
"ამ კანონს აქვს თავისი სამართლებრივი პრობლემები, როგორიცაა ცენზურის შესაძლებლობა და ა.შ. ამიტომ, დაველოდოთ და მის დასაბუთებას შევხედოთ" - ანა ბუჩუკური

კიდევ ერთი თემა, რომლის გამოც ხელისუფლება სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს - პრეზიდენტმა ანტიპროპაგანდისტულ კანონპროექტს ხელი არ მოაწერა. საუბარია პაკეტზე, სახელწოდებით "ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ".

ადმინისტრაციის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილი დოკუმენტს პარლამენტს არც მოტივირებული შენიშვნებით არ დაუბრუნებს - ეს იმას ნიშნავს, რომ მან ვეტოს უფლებით არ ისარგებლა და კანონს ხუთი დღის ვადაში ხელს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერს.

საკითხს ეხმაურება ოპოზიცია - პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრი ანა ბუჩუკური ამბობს, რომ კანონპროექტს თავისი სამართლებრივი პრობლემები აქვს.

"ჩვენი გუნდის პოზიცია, პროპაგანდასთან დაკავშირებით, ყოველთვის იყო თანმიმდევრული და, განსაკუთრებით ბავშვებთან მიმართებით, ნებისმიერი პროპაგანდა არის მიუღებელი. რაც შეეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, თქვენ იცით, რომ ამ კანონს აქვს თავისი სამართლებრივი პრობლემები როგორიც არის, მაგალითად, ცენზურის შესაძლებლობა და ა.შ. ამიტომ, დაველოდოთ და მის დასაბუთებას შევხედოთ," - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

პლატფორმა ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ამ კანონის მიღება ოჯახებსა და ბავშვებს ფინანსურ პრობლემებს არ მოუხსნის, და დანარჩენი მხოლოდ პროპაგანდაა.

"ჩემთვის ოჯახური ღირებულებებია, როდესაც საქართველოში ყველა ოჯახი არის ძლიერი. გაუგონარ სიგიჟეებზე ლაპარაკობენ, რომ ამ კანონს თუ მივიღებთ მერე რა ხდება, ბავშვები იქნებიან ნაკვებები და აღარ მოშივდებათ ბავშვებს? ის, რასაც ისინი ლაპარაკობენ ,არის პროპაგანდა და შესაბამისად, ქართველი ხალხი ამას კარგად ხვდება და აცნობიერებს, დარწმუნებული ვარ,“ - აცხადებს პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობას" წევრი ლევან ხაბეიშვილი.

დღის ამბები