16 ოქტომბერი 2024,   14:33
ვრცლად
"ჩემს ქვეყანას მართლა არაფერზე არ გავცვლი - ვოცნებობ, რომ მშვიდობა და კეთილდღეობა იყოს ქვეყანაში" - ემზარ ნიკოლაძე

ემზარ ნიკოლაძე მაყურებელმა "რუსთავი 2"-ის მეგა შოუ "ნიჭიერიდან" გაიცნო. 80 წლის ბაბუმ "კათარზისიდან" მაყურებლის და ჟიურის გული მოიგო და ოქროს ღილაკის მფლობელიც გახდა.

"რუსთავი 2" მხიარულ და ენერგიულ ბაბუს მის ცხოვრებაზე, სიყვარულის ისტორიაზე, ოცნებებსა და დედასთან ურთიერთობაზე ესაუბრა.

ვინ არის ემზარ ნიკოლაძე?

"ერმზარი ბაბუ გახლავთ ჩოხოსანი, ხელოვნების მოყვარული - კარგი ოჯახის შვილი, შესანიშნავი მეუღლით და სამი შვილით. ძალიან მინდა, რომ ყველა ბედნიერი და გახარებული იყოს. მე ყველა მიყვარს, ჩემი ქვეყნის ყველა შვილი. შეცდომების მეტი რა არის, მაგრამ მინდა, რომ ჩემი ქვეყანა უყვარდეს ყველას, მშვიდობა იყოს, კეთილდღეობა იყოს და წინსვლა იყოს - ასეა ცხოვრება სხვანაირად არ გამოვა. ადამიანი ყოველგვარი ზედმეტი ამბიციების გარეშე უნდა მოქმედებდეს, ყველა უნდა გვიყვარდეს. მე აკადემიკოსებთანაც კი ვმეგობრობ, მაგრამ უბრალო ხალხი მიყვარს, მათთან მეგობრობა მიყვარს,"- ამბობს ემზარ ნიკოლაძე.

გაიხსენეთ თქვენი სიყვარულის ისტორია:

"სკოლა რომ დავამთავრე, 61 წლიდან თბილისში ვცხოვრობ ე.წ. ვარანცოვზე - ამ ვარანცოვზე სულ მოდიოდა ერთი კარგი გოგონა, მაგრამ ვიღაც აცილებდა ყოველთვის. ერთხელაც დავიმარტოხელე ეს გოგონა, მეთქი შეიძლება გოგონი ლექსი გიძღვნათ-მეთქი - იმ გოგომ რატომ უნდა მიძღვნა ლექსი?! მე ვუთხარი, კარგი მაშინ არ გიძღვნითქო, კარგი, ბოდიში-მეთქი - მაშინ მითხარით. მე ვუთხარი - შეგხედე თვალი გაბრწყინდა, ქმრიანი ხარ და რად გინდა. ქმარი სად მყავსო - აბა ის, რომ გაცილებდა - ის ბიძა იყო ჩემიო - ის გოგონა, 57 წელია ჩემი მეუღლეა,"-ამბობს ნიკოლაძე.

რაზე ოცნებობთ?!

ემზარ ნიკოლაძე: მინდა, რომ ყველა გახარებული იყოს. მინდა, რომ ჩემი ქვეყანა ყველას უყვარდეს, მშვიდობა იყოს, კეთილდღეობა იყოს და წინსვლა იყოს - აი, ჩემი ოცნება. არ გავცვლი მართლა არაფერზე ჩემს ქვეყანას. მიხარია ხოლმე მე, რომ ქართველ ვარ. მიხარია, რომ აი, რამდენი კუთხეც გვაქვს იმდენი სილამაზე გვაქვს, თან თავისებური ხასიათიც კი, მაგრამ მთლიანობაში ერთი მთლიანი ვართ. უფალი ყველას გვიყურებს, ყველაზე აქვს კალთა გადაფარებული.

როგორც თავად აღნიშნავს, მის რეპერტუარში ძირითადად ტრადიციული, ხალხური სიმღერებია. მისივე თქმით, სიმღერის დროს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს მის სამოსს.

ემზარ ნიკოლაძე: "ჩოხით, რომ ვარ მგონია, უკეთესად ვმღერი -ასე მგონია რატომღაც. ჩოხა მაკეთილშობილებს, მე მიხარია, რომ ჩოხოსანი ვარ. მე ყველა კვირა დღეს და საეკლესიო დღესასწაულზე ჩოხით დავდივარ. ჩოხა არის სინდისის და ნამუსის ტანსაცმელი - ჩოხოსანმა არ უნდა იკადროს ისეთი რაღაცები, რომელიც არ შეეფერება ქართულ სამოსს. ჩოხა, რომ გაცვია დახვეწილი უნდა იყო, ეს არა მხოლოდ ტანთსამოსია, ეს არის სულის სამოსელიც."

ვინ გენატრებათ ყველაზე მეტად?

ემზარ ნიკოლაძე: "ყველაზე უფრო მეტად, მენატრება დედა. ყველა ნიუანსი მახსოვს. ახლა მე 81-ე წელში ვარ და ახლაც მახსოვს ჩამეხუტებოდა და ის სითბო დღესაც მაკლია. ძალიან მინდა, რომ იმ ქვეყანაზე, როდესაც წავალ დედა შემხვდეს პირველი და ჩავეხუტები. ძალიან მინდა, რომ ყველა ბედნიერი იყოს."

შეგახსენებთ, რომ 80 წლის ემზარ ნიკოლაძე ნიჭიერში სიმღერით წარსდგა. როგორც ის ამბობს, სათნოების სახლ "კათარზისში" მღერის და მისი მთავარი მისია ბენეფიციარებისთვის მუსიკალური საღამოების მოწყობაა.

ემზარ ნიკოლაძემ ჟიურის და მაყურებლის დიდი მოწონება და ოვაციები დაიმსახურა. მან ჟიურის ერთ-ერთი წევრისგან, თამარ ფხაკაძისგან "ოქროს ღილაკი" მიიღო, რაც ნახევარფინალის პირდაპირ საგზურს ნიშნავს.

დღის ამბები