16 ოქტომბერი 2024,   14:33
ვრცლად
"ჩვენ ვატარებთ სამართლიან, თავისუფალ და კონკურენტულ არჩევნებს, ასეთი ტიპის არჩევნებს რაც მეტი დამკვირვებელი ეყოლება, მით უკეთესი ჩვენთვის" - ირაკლი კობახიძე

არჩევნებზე დაკვირვებისთვის ღია ვართ და იმედი გვაქვს, რომ მაქსიმალურად იქნება წარმოდგენილი ყველა სადამკვირვებლო მისია ჩვენს ქვეყანაში, რადგან ვატარებთ სამართლიან, თავისუფალ და კონკურენტულ არჩევნებს. ასეთი ტიპის არჩევნებს რაც მეტი დამკვირვებელი ეყოლება, მით უკეთესი ჩვენთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ისეთ პირობებში, როდესაც ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ ადგილობრივი "ენჯეოები", განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა ობიექტურად შეაფასონ არჩევნები.

"ჩვენ მაქსიმალურად ღია ვართ დაკვირვებისთვის, ჩვენ თავიდანვე, თებერვლის თვეში მოვიწვიეთ ეუთო/ოდირის გრძელვადიანი მისია, მოვიწვიეთ სხვა მისიები, მათ შორის საპარლამენტო ასამბლეის მისიები. მაქსიმალურად ღია ვართ ნებისმიერი დაკვირვებისთვის ამ არჩევნებზე და იმედი გვაქვს, მაქსიმალურად იქნება წარმოდგენილი ყველა სადამკვირვებლო მისია ჩვენს ქვეყანაში. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვატარებთ სამართლიან, თავისუფალ და კონკურენტულ არჩევნებს, რაც მეტი დამკვირვებელი ეყოლება ასეთი ტიპის არჩევნებს, მით უკეთესი ჩვენთვის.

ხედავთ, რომ ქვეყნდება ადგილობრივი სადამკვირვებლო ე.წ. ორგანიზაციების აბსოლუტურად სიყალბეზე დაფუძნებული ანგარიშები. ისინი აგრძელებენ იმ ტრადიციას, რომელიც განსაკუთრებით მძაფრად გამოიკვეთა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ამ ორგანიზაციებმა გააყალბეს ე.წ. პარალელური ხმის დათვლის შედეგები, გააყალბეს სხვა მონაცემები ზედმეტობებთან დაკავშირებით, შედეგების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით და იმავე სულისკვეთებით მოქმედებენ ახლაც. ასეთ პირობებში, როდესაც ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ ადგილობრივი "ენჯეოები", განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა ობიექტურად შეაფასონ არჩევნები" – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები