21 ოქტომბერი 2024,   01:39
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილის როლი არჩევნებში - ვინ იტყვის საკუთარ ხელმოწერაზე უარს და ვინ დარჩება ქარტიის ერთგული მას შემდეგ, რაც ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობა დასახელდება

ათონელის რეზიდენცია - ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და პრეზიდენტის შეხვედრის ადგილი. სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლის კარი პოლიტიკოსებისთვის მას შემდეგ გახსნა, რაც გადაწყდა, რომ თავად და ქარტიაზე ხელმომწერი პარტიები, ტექნიკური მთავრობის შემადგენლობაზე უნდა შეთანხმებულიყვნენ. პროცესი დაიწყო და დასრულდა, თუმცა ვინ რაზე შეთანხმდა, ეს მაინც ბუნდოვანი დარჩა. პრეზიდენტმა ტექნიკური მთავრობის შემადგენლობის დასახელება არჩევნებამდე დააანონსა. იდეამ ხელმომწერების უმრავლესობა ვერ მოხიბლა, თან იმ ფონზე, როცა ზურაბიშვილის შეთავაზება ბევრისთვის ულტიმატუმსაც კი ჰგავდა.

წაიკითხეს, ძალისხმევაც დადებითად შეაფასეს, თუმცა ტექნიკური მთავრობის არჩევნებამდე დასახელების მომხრე მაინც არ არის "ნაციონალურ მოძრაობა". ყოფილი სახელისუფლებო პარტია, მთავრობის ფორმირება იმ მანდატებიდან გამომდინარე წარმოუდგენია, რაც თითოეულ პოლიტიკურ ძალას არჩევნების შემდეგ ექნება.

მთავრობის დაკომპლექტების დროდ, არჩევნების შემდგომი პერიოდი ესახებათ გახარიას პარტიაშიც. არც იმას მალავენ, რომ ასეთი ნაბიჯი რისკებთან არის დაკავშირებული. მკაფიო პოზიცია აქვთ ტექნიკური მთავრობის მეთაურის კანდიდატზეც. მას შემდეგ, რაც გაჟღერდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის სახელი და გვარი, ასევე ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიაში წითელი ხაზიც მალე გაივლო. თქვეს, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული პირები მათთვის მიუღებელია.

ქარტიის სულისკვეთება ხელმოწერით გაიზიარა "ძლიერმა საქართველომ", თუმცა ხელმოწერიდან მალევე პრეზიდენტის ინიციატივა ვერც ამ კოალიციაში მოიწონეს.

როდის დაასახელებს პრეზიდენტი ტექნიკური მთავრობის შემადგენლობას? "ახალის", ზურაბ გირჩისა და "დროას" გაერთიანებისთვის, დროს მნიშვნელობა არ აქვს. ქარტიაზე ხელმომწერებს შორის, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელიც ტექნიკური მთავრობის არჩევნებამდე დასახელების მოწინააღმდეგე არ არის.

პრეზიდენტს ქმედებებს უწუნებენ მმართველ გუნდშიც. "ქართული ოცნება", სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო აქტიურობაში კონსტიტუციის დარღვევას ხედავს, აქცენტი კეთდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე - ეს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა 26 ოქტომბერს ორბელიანების სასახლეში საკოორდინაციო პლატფორმის გახსნა დააანონსა. სანამ საკონსტიტუციო სასამართლო საკითხზე უკვე მეორედ იმსჯელებს, სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ საზოგადოებისთვის არც ზურაბიშვილია საინტერესო და არც გილაურის კანდიდატურა.

ვინ იტყვის საკუთარ ხელმოწერაზე უარს და ვინ დარჩება ქარტიის ერთგული - ეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც სალომე ზურაბიშვილი ტექნიკური მთავრობის შემადგენლობას დაასახელებს. საარჩევნო კალენდარზე კი დღეები იკლებს, ზუსტად 6 დღეში გაირკვევა, ვის ანდობს ამომრჩეველი ქვეყანას მომდევნო 4 წლის განმავლობაში.

 

ავტორი: იზი ბურნაძე 

დღის ამბები