21 ოქტომბერი 2024,   01:40
ვრცლად
Victoria"s Secret-ის პირველი ქართველი ანგელოზი - მატილდა გვარლიანის მოდის სამყარო

მატილდა ვიქტორია სეკრეტის პირველი ქართველი ანგელოზია, სწორედ მის გამო ელოდა საქართველო განსაკუთრებულად ბრენდის ბოლო ჩვენებას.

შოუ, რომელსაც მსოფლიო ყოველ ჯერზე დიდი ინტერესით ელოდება, ამჯერად 5 წლიანი პაუზის შემდეგ მართლაც ბევრი ცვლილებით დაბრუნდა, მაგრამ ჯერ მაინც მთავარზე - მატილდაზე, რომელიც ამ შოუს რეპეტიციას ჯერ კიდევ 7 წლის ასაკში თბილისში, ტელევიზორის წინ გადიოდა.

ერთადერთი გამონაკლისი გვარლიანების ოჯახში, როდესაც მატილდას გვიან დაძინების უფლებას აძლევდნენ, ვიქტორია სეკრეტის შოუს ღამე იყო. მაშინ ვერც წარმოიდგენდნენ, რომ საქართველო 2024 წლის 15 ოქტომბრის ღამეს სწორედ მატილდას გამო გაათენებდა.

მატილდა გვარლიანის სახასიათო ღიმილმა ნიუ-იორკის მთავარ პოდიუმზე, ჩვენების მესამე ნაწილში, მესამე მოდელად გაანათა. ეს იყო ჩვენების ყველაზე მასკულინური ნაწილი, როკ მუსიკის ლაიტმოტივით. ქართველი ანგელოზი იყო ფრთების გარეშე, მაგრამ ვარსკვლავებით. გამოსვლისთანავე დაისვა კითხვა - ვინ არის ვიქტორიას ახალი გოგო მეჩხერი კბილებით.

ამ გოგომ მოდის სამყაროში მოგზაურობა 14 წლის ასაკში დაიწყო. მატილდა საქართველომ უკეთ გაიცნო და მეტად დააფასა, როდესაც მისმა სილამაზემ ქვეყნის საზღვრები გაარღვია. ახლა ის მსოფლიოს 50 ტოპ მოდელს შორისაა.

მისი პორტფოლიო კი საკმაოდ მდიდარი: ის მოიცავს სხვა პატარა ბრენდებთან ერთად ისეთ მოდის სახლებთან თანამშრომლობას, როგორებიც არის Dolce & Gabbana, Fendi, Valentino, Roberto Cavalli, Gucci, Chanel თუ Louis Vuitton-თან.

სულ ახლახანს ის ვიხილეთ ვიქტორია ბექჰემის ჩვენებაზეც, მაგრამ ყველაზე დიდი ვნებათაღელვა მაინც ბოლო ჩვენებამ გამოიწვია, საქართველომ მისით კიდევ ერთხელ იამაყა და საპირწონედ მსოფლიოს კიდევ ერთხელ აჩვენა როგორი გულშემატკივრობა შეუძლია პატარა ქვეყანას. გულშემატკივართა გვერდმა სოციალურ ქსელში სეკრეტის ყველა ანგელოზის ფოტო ატვირთა, ყველაზე მეტი მოწონება და კომენტარი კი ქართულ სილამაზეს აქვს.

მოდის სამყაროს წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე მატილდას 2 გულშემატკივარი ჰყავდა, ვარდისფერ ხალიჩაზე საქართველოდან იყვნენ სააგენტოს ხელმძღვანელი ნინო ცქიტიშვილი და მოდელის ძმა, რომელიც ხშირად მატილდას გვერდს გადასაღებ მოედანზეც უმშვენებს.

მატილდა "Victoria"s secret-ის" ისტორიაში ყველაზე გარდამტეხ ჩვენებაზე გამოჩნდა.
შოუს 5 წლიანი პაუზა ჰქონდა აღებული. ბოლო ჩვენების შემდეგ, რომელიც 2019 წელს გაიმართა, ბრენდის მარკეტინგის დირექტორი მოდელებმა შევიწროებაში, დისკრმინაციასა და სექსიზმში დაადანაშაულეს. 2024- ში კი ბრენდი ამ ბრალდებების საპირისპირო კონცეფციით და სრულიად ახალი პოლიტიკით დაბრუნდა.

ბრენდი მისი ტრადიციული ჩარჩოდან გავიდა, პოდიუმზე ერთმანეთს თამამად ცვლიდნენ განსხვავებული კანის ფერის, წონისა თუ ასაკის მოდელები. წელს პირველად გამოჩნდა შოუში ტრანსგენდელი მოდელიც.

წელს ნაკლებად გამოიყენეს სცენაზე მკვეთრი მაკიაჟიც, კულისებში გადაღებულ ვიდეომასალაში მსოფლიოს უჩვენეს მათი სახეები მაკიაჟს გარეშე.

მაქსიმალური ბუნებრიობისთვის მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მათი შოუების ისტორიაში პირველად არ ყოფილიყო ჩანაწერი და ჩვენება გასულიყო პირდაპირ ეთერში.

ჩვენება გახსნა ჯიჯი ჰადიდმა, დახულა მისმა დამ - ბელამ ჰადიდმა. იყო დიდი დაბრუნებაც, რომელსაც მოდის სამყარო განსაკუთრებულად ელოდა, ადრიანა ლიმასთან ერტად დაბრუნდა ალესანდრა ამბროსიოც.

ვიქტორიას საოცნებო პოდიუმზე წელს მხოლოდ ქალქები ავიდნენ, არა მხოლოდ მოდელებბი - მომღერლებიც, ტაილა, ლისა და მუსიკალური კულმინაცია - 78 წლის შერი.

ის, რაც წლების განმავლობაში ხელშეუხებელი ოცნება იყო ყველა ქართველი მოდელისთვის, უკვე ხელშესახებია მატილდასთვის, მან "ვიქტორია სეკრეტის" მსოფლიო რუკაზე უკვე მონიშნა საქართველო.

დღის ამბები