21 ოქტომბერი 2024,   01:26
ვრცლად
მინდა მივმართო პარტნიორებს, ევროპელებს თუ ამერიკელებს და ვუთხრა, რომ ჩვენ ვიქნებით ისეთი პარტნიორი და მოკავშირე, როგორიც არ დაესიზმრებათ და შევალთ ევროპაში - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარშის - "საქართველო ირჩევს მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

პრეზიდენტმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ვოლოდიმირ ზელენსკისა და მაია სანდუს მიმართა, როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა უკრაინა, მოლდოვა და საქართველო აუცილებლად შევლენ ევროკავშირში.

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს საქართველო უკვე გამარჯვებულია.

"დიდი სიყვარულით, დიდი ემოციით, მინდა მოგესალმოთ ამ საღამოს. დღეს არის ერთ-ერთი ისეთი დღე საქართველოს ისტორიაში, რომელიც იქნება დასამახსოვრებელი ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის. ჩემი შვილიშვილი დღეს დაიბადა - გაბრიელი და ალბათ ყველაფერი არის ნიშანი ამ ცხოვრებაში, ნიშანი იმისა, რომ მოდის ახალი მომავალი, მოდის ახალი საქართველო.

დღეს ის საქართველო დგას ჩემ წინ, რომელიც არის თავისუფალი, აქ არავინ არ არის ძალით მოსული, იმიტომ, რომ უთხრეს თუ არ მოხვალ სამსახურს დაკარგავო. არავინ არ არის მოსული, არცერთი სტუდენტი, იმიტომ, რომ უთხრეს, თუ არ მოხვალ სტიპენდია არ გექნება. არაფერი არ არის უფრო ძვირფასი, ვიდრე თავისუფლება. არაფერი არ არის უფრო ძვირფასი, ვიდრე მშვიდობა. დღეს აქ არის ის საზოგადოება, ის პიროვნებები, ის ქართველები, რომლებიც მშვიდობიანად, ღირსეულად და ქართულად შედიან ევროპაში.

მინდა, აქედან მივმართო მაია სანდუს. მაია, დღეს იმედი მაქვს იქნება შენი გამარჯვების და ევროპული რეფერენდუმის გამარჯვება. ჩვენ ერთად შევალთ ევროპაში. მინდა, მივმართო ვოლოდიმირ ზელენსკის აქედან, თქვენგან და ვუთხრა, რომ ჩვენ ვიცით, იბრძვის ჩვენთვის და იქნება გამარჯვებული და ერთად შევალთ ევროპაში. მინდა, მივმართო ჩვენს პარტნიორებს, ევროპელებს თუ ამერიკელებს და ვუთხრა, რომ ჩვენ ვიქნებით ისეთი პარტნიორი და ისეთი მოკავშირე, როგორიც არ დაესიზმრებათ და შევალთ ევროპაში. უკვე გამარჯვებულია საქართველო და გამარჯვებულია მისი მომავალი. მადლობა თქვენ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები