21 ოქტომბერი 2024,   02:02
ვრცლად
ღეროვანი უჯრედების პირველი ლაბორატორია საქართველოში - უნიკალური სამედიცინო სივრცე საჩხერეში

დიაბეტი, ლეიკემია, ნევროლოგია, ონკოლოგია, სკლეროზი, ინსულტი - ამ დაავადებების სამკურნალო ღეროვან უჯრედებს უკვე საქართველოში, საჩხერეში, ქართველი ექიმები ქმნიან. ეს არის ახალგაზრდა უჯრედი, რომელსაც თვითგანახლების უნარი გააჩნია და ათასობით სიცოცლის გადარჩენა შეუძლია.

საქართველოში პრიველად შექმნილი ღეროვანი უჯრედები "კურიერი P.S."-ის ობიექტივში მოხვდა. დონორებისგან მკვლევრებმა ჭიპლარის და პლაცენტის ქსოვილები აიღეს, დაამუშავეს და შექმნეს უჯრედი, რომელიც თავსებადია ნებისმიერ ადამიანზე.

საჩხერის სამედიცინო გუნდი გერმანიასა და შვეიცარიაში გადამზადდა. იდეა ეკატერინე ხვედელიძეს ეკუთვნის.

ქართულ ლაბორატორიაში საქართველოში დაბადებული სასიცოცხლო უჯრედი შეიქმნა.

ამ ახალგაზრდა უჯრედს, რომელიც ჩვენს ორგანიზმში ცოცხლობს, თვითგანახლების უნარი აქვს. სწრაფად შეუძლია სხვადასხვა უჯრედად გარდაიქმნას და ქსოვილი წარმოქმნას. მეცნიერებმა მისი შესწავლა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყეს. არაერთ ქვეყანაში ჩატარებული კლინიკური კვლევებით კი დაადგინეს, რომ ამ ცოცხალ ორგანიზმებს სიცოცხლის გადარჩენა შეუძლიათ.

ღეროვანი უჯრედები ადამიანის ორგანიზმში ყველაზე აქტიურად ბავშვობისა და მოზარდობის ასაკში მუშაობენ. ახალშობილს ყოველ 10 000 უჯრედზე ერთი ღეროვანი უჯრედი აქვს, ასაკის მატებასთან ერთად ეს რიცხვი თანდათან იკლებს და ორგანიზმიც სუსტდება, თავს კი არაერთი დაავადება იჩენს. მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ამ ცოცხალი ორგანიზმების გადანერგვით ადამიანები უფრო სწრაფად განიკურნებიან. უჯრედული თერაპია მსოფლიო მედიცინაში თანდათან ინერგება და ამ მეთოდით ადამიანები რამდენიმე ქვეყანაში უკვე მკურნალობენ.

ვინაიდან ღეროვან უჯრედებს სწრაფად შეუძლია დაზიანებული ქსოვილების აღდგენა, მას იყენებენ ონკოლოგიური და არა ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. ექიმების თქმით, ე.წ. აღმდგენ უჯრედებს შეუძლია, განკურნოს სისხლის კიბოს ტიპებით - ლეიკემიითა და ლიმფომით დაავადებული ადამიანი. ასევე ებრძოლოს ნევროლოგიურ დაავადებებს, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმებს, ღვიძლის ციროზს, ტუბერკულოზს, აუტიზმს. ორგანიზმი გამოაჯანმრთელოს ღვიძლის ან რომელიმე ორგანოს გადანერგვის შემდეგ, ასევე მოტეხილობების დროს, ქიმიო და სხივური თერაპიის ჩატარებისას, როცა პაციენტის იმუნიტეტი დათრგუნულია. ღეროვანი უჯრედები ექიმებს ეიმედებათ შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდაც. ინსულინის გამომყოფი უჯრედების შეყვანით პაციენტის საბოლოდ გამოსაჯანმრთელებლად.

 შეუძლიათ თუ არა ღეროვან უჯრედებს სიცოცხლის გახანგრძლივება და დაბერების პროცესის შეჩერება - კვლევები მსოფლიოში ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს. მათ გამოიყენებენ ესთეტიკური პროცედურებისთვისაც.

მილიონობით ცოცხალ უჯრედზე მუშაობა ქართველმა სპეციალისტებმა წელიწადნახევრის წინ დაიწყეს. დონორის ჭიპლარის და პლაცენტისგან, ასევე ცხიმოვანი ქსოვილებისგან, ლაბორატორიაში ღეროვანი უჯრედები გაამრავლეს. ინკუბაციის პროცესს სამი კვირა დასჭირდა. ახლა ისინი სინჯარებში, სპეციალურ ტემპერატურაზე თხევად აზოტში ინახება. უნიკალური ექსპერიმენტი საჩხერის სამედიცინო ცენტრის ლაბორატორიაში ჩატარდა.

გაყინულ მდგომარეობაში მყოფ ცოცხალ უჯრედებს, ამ ლაბორატორიაში ტრანსპლანტაციისთვის ამზადებენ. სინჯარაში მოთავსებული სითხე კი ინტრავენური ან ადგილობრივი გადასხმის გზით უკვე ადამიანის ორგანიზმში მოხვდება.

უჯრედები თავსებადია ნებისმიერი ადამიანისთვის, გენეტიკური კავშირების მიუხედავად. საჭიროა საშუალოდ 100 მილიონი უჯრედის გადასხმა იმისთვის, რომ ისინი ორგანიზმში გამრავლდნენ. რაოდენობა პაციენტის წონის მიხედვით განისაზღვრება.

საჩხერის საავადმყოფოს სამედიცინო გუნდმა ცოცხალი უჯრედების შესაქმნელად საერთაშორისო პრაქტიკა გამოიყენა. ისინი გერმანიასა და შვეიცარიაში გადამზადდნენ. ახალი ტექნოლოგიით, სანამ მძიმე დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობას დაიწყებენ, კლინიკურ კვლევებს კვლავ განაგრძობენ და უჯრედებზე სპეციალურად აღჭურვილ ლაბორატორიაში ახლაც მუშაობენ.

დონორებს უკვე შეუძლიათ, რომ პროცესში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ. დაახლოებით სამ კვირაში კი საჩხერის სამედიცინო ცენტრი პირველ პაციენტს მიიღებს, რომელსაც საქართველოში პირველად შექმნილ ღეროვან უჯრედებს გადაუნერგავენ.

დღის ამბები