23 ოქტომბერი 2024,   23:25
ვრცლად
26 ოქტომბერს ერთად ვიზეიმებთ ბოროტებაზე სიკეთის, უღმერთობაზე რწმენის, არაქართულზე ქართულის ისტორიულ გამარჯვებას - შალვა პაპუაშვილი

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თბილისში, "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა:

"მეგობრებო, ვხედავთ, რომ ჩვენი ოპონენტების საარჩევნო კამპანია გარე დირექტივებზე გადის. სამი ათწლეულის წინ სხვათა დიქტატისგან გათავისუფლებულ ქართველებს, ოპოზიციის წყალობით, კვლავ შემოგვაპარეს ქართველებისთვის ასე დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარედან თითის ქნევა. ამით ააშკარავებს ოპოზიცია თავის ჭეშმარიტ ყოფას, რაც ჯილდოს მოლოდინში სხვების მსახურებაა.

ჩვენ ვირჩევთ მშვიდობას, ღირსებას, განვითარებას, უსაფრთხოებას. ვირჩევთ ქვეყანას, რომლის უმთავრესი ღირებულებაა ადამიანი. ჩვენ ვირჩევთ პატრიოტების, პროფესიონალების, სახელიანი თუ უსახელო მამულიშვილების საქართველოს, თავდადებული, ალალი ქართველის სამშობლოს.

ისინი ირჩევენ ფსევდოგმირებს, ცრუ ღირებულებებსა და ყალბ სამშობლოს; მათი სახელი ლეგიონია, რომელთაც ქართველმა ხალხმა დამსახურებულად უწოდა უსამშობლოები.

ამიტომ, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ საკონსტიტუციო უმრავლესობით, რათა ვერავინ ვეღარასოდეს გაბედოს გარედან თითის ქნევით ქართველ ხალხთან საუბარი; რათა ვერავინ შიგნიდან ვეღარასოდეს გაბედოს ქართველი ხალხის ინტერესების გაყიდვა.

დაბოლოს, ჩვენი სამშობლოს დედაქალაქიდან - თბილისიდან მინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა სამხედროებს, პოლიციელებს, მაშველებს, პედაგოგებს, ექიმებს, თითოეულ მოქალაქეს, ვისი ყოველდღიური ძალისხმევითაც ქვეყანაში შევინარჩუნეთ მშვიდობა და უსაფრთხოება, არსებითად გავზარდეთ ეკონომიკა, განვამტკიცეთ და ხალხის სამსახურში ჩავაყენეთ სახელმწიფო და მისი ინსტიტუტები. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენ მხარდამჭერს ჩვენი ქვეყნის უანგარო სიყვარულისთვის, თანადგომისთვის, მოთმინებისთვის და იმ რწმენისთვის, რომ სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებს და რომ სიკეთე დაუმარცხებელია.

საქართველო ჩვენი საერთო სამშობლოა. დღეს, ყველა ჩვენი სამშობლოს, ჩვენი იდენტობისა და მშვიდობიანი მომავლის გადასარჩენად უნდა დავირაზმოთ. ჩვენი გამარჯვება მარტო „ქართული ოცნების“ კი არა, მთელი ქვეყნის გამარჯვება იქნება. ამიტომ, მოგმართავთ, შემოგვიერთდით, რომ მომავალი წლები იყოს არა ომისა და კონფრონტაციის, არამედ მშვიდობის, ეკონომიკური აღმავლობის და ქვეყნის გაერთიანების წლები.

მეგობრებო, ზღვარი ბოროტებასა და სიკეთეს შორის ასე მკაფიო არასდროს ყოფილა. 26 ოქტომბერს ერთად ვიზეიმოთ ბოროტებაზე სიკეთის, უღმერთობაზე რწმენის, არაქართულზე ქართულის ისტორიული გამარჯვება.

ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!" - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

 

დღის ამბები