23 ოქტომბერი 2024,   23:25
ვრცლად
საკუთარ თავს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, სასწორის ორ მხარეს დევს ომი და მშვიდობა, ამორალური პროპაგანდა და ტრადიციული ფასეულობები - პრემიერი

"მომავალი 4 წლის განმავლობაში, საქართველოში გაორმაგდება ელექტროენერგიის გამომუშავება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის, კიდევ უფრო მეტად განვითარდება სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და ეკონომიკის სხვა დარგები", - ამის შესახებ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე, თბილისში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მომავალი 4 წლის განმავლობაში რეგიონები კიდევ უფრო მეტად განვითარდება, ხოლო დედაქალაქი - გალამაზდება.

"მომავალი 4 წლის განმავლობაში, საქართველოში გაორმაგდება ელექტროენერგიის გამომუშავება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის, კიდევ უფრო მეტად განვითარდება სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და ეკონომიკის სხვა დარგები. კიდევ უფრო მეტად განვითარდება რეგიონები. კიდევ უფრო განვითარდება და გალამაზდება თბილისი.

რამდენიმე წელიწადში თბილისს ექნება ახალი საერთაშორისო აეროპორტი და ახალი, სუპერთანამედროვე საფეხბურთო და სარაგბო სტადიონი.

თბილისში ავაშენებთ სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალ ინფრასტრუქტურას, სადაც ქართველი სტუდენტები საუკეთესო გარემოში, ევროპული სტანდარტების განათლებას მიიღებენ და საკუთარი ინტერესების რეალიზებას შეძლებენ. ასევე მნიშვნელოვნად გაფართოვდება ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ჩვენ ვიწყებთ 2-მილიარდიან პროგრამას სპორტული ინფრასტრუქტურის განსავითარებლად.

ჩვენ უკვე დავიწყეთ ანაკლიის პორტის მშენებლობა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება.

კიდევ უფრო მეტად განვითარდება ჯანდაცვის სისტემა, გაფართოვდება მოსახლეობის სოციალური დაცვის პაკეტი, ყოველწლიურად გაიზრდება პენსიები ჩვენს ქვეყანაში.

ეს არის ის უმოკლესი გზა, რომელიც საქართველოში ევროპული სტანდარტების კეთილდღეობას შექმნის და საქართველოს არა მხოლოდ ევროპულ ოჯახში შეიყვანს, არამედ, რაც მთავარია, ევროპულ კეთილდღეობას საქართველოში შემოიტანს.

ამის ალტერნატივაა ავტორიტარიზმი, ომი და ეკონომიკის გაჩერება, რასაც რადიკალური ოპოზიცია გვპირდება. ჩვენი, ჭეშმარიტად ქართული და ჭეშმარიტად ევროპული გუნდის ალტერნატივაა სააკაშვილი, გვარამია, ხაზარაძე და გახარია, რომლებიც არა მხოლოდ უცხოელი აგენტები, არამედ ქართული კულტურისა და ღირსებისთვის სრულიად შეუფერებელი უსამშობლო ადამიანები არიან.

საკუთარ თავს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის გადამწყვეტი რეფერენდუმი. აქ სასწორის ორ მხარეს დევს ომი და მშვიდობა, ამორალური პროპაგანდა და ტრადიციული ფასეულობები, სიძულვილი და სიყვარული, ბნელი წარსული და საქართველოს ნათელი მომავალი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები