24 ოქტომბერი 2024,   15:15
ვრცლად
აფბა - ლარის სტაბილურობისთვის სებ-მა ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს, საჭიროების შემთხვევაში კი გააგრძელოს სავალუტო ინტერვენციები

ეროვნული ბანკის ბოლო სავალუტო ინტერვენციას დადებითად აფასებს "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბას" ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე და აცხადებს, რომ ლარის სტაბილურობისთვის ეროვნულმა ბანკმა ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოიყენოს, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში უნდა გააგრძელოს სავალუტო ინტერვენციებიც.

"ჩვენ, ახალგაზრდა ფინანსისტებმა, გასულ კვირასაც გავავრცელეთ განცხადება, სადაც ეროვნულ ბანკს მოვუწოდეთ, რომ ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობის შემთხვევაში გაეგრძელებინა სავალუტო ინტერვენციები.

სხვა ფაქტორებთან ერთად, წინასაარჩევნო დაძაბული პოლიტიკური გარემო უარყოფით გავლენას ახდენს ლარის გაცვლით კურსზე, შესაბამისად,მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის ყველა ნაბიჯი იყოს თანამიმდევრული და ლარის სტაბილურობას საფრხე არ დაემუქროს, ასევე განეიტრალდეს ყველანაირი უარყოფითი მოლოდინები. კურსის სტაბილურობაზე მოლოდინები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, ამის მაგალითები ჩვენ გასულ წლებშიც ვნახეთ, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი რისკის წინაშე აღარ აღმოვჩნდეთ.
ფაქტია, დღეს ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები ჯანსაღია და სავალუტო შემოდინებებიც ძლიერია, შესაბამისად ლარის გაცვლითი კურსის მერყეობას მხოლოდ ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციები და მოლოდინები განაპირობებს, ამიტომაც თუკი ეროვნული ბანკი ხედავს თუნდაც მცირე რისკებს გაცვლითი კურსის რყევასთან მიმართებით, მნიშვნელოვანია მოახდინოს სწრაფი და წინმსწრები რეაგირება, რასაც დღემდე, ფაქტია, წარმატებით აკეთებს.

გამომდინარე სებ-ში ჩამოყალიბებული პრაქტიკიდან და მიდგომებიდან, დარწმუნებული ვარ მისი გადაწყვეტილებები შემდგომშიც ხელს შეუწყობს ლარის სტაბილურობას და გაანეიტრალებს უარყოფით მოლოდინებს", - აცხადებს აფბას ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე.

დღის ამბები