24 ოქტომბერი 2024,   19:19
ვრცლად
"ხატია დეკანოიძე დღეს განსაკუთრებით აგრესიული იყო...სავარაუდოდ, გუშინდელი ხალხმრავლობის შემდგომ აქვს ნერვული შეტევა" - მაია ბითაძე

"ქართული ოცნების" წევრმა მაია ბითაძემ "დღის კურიერში" წინა რესპონდენტის, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის გამოსვლა შეაფასა. ბითაძემ აღნიშნა, რომ დეკანოიძე განსაკუთრებით აგრესიული ჩანდა და ეს დაუკავშირა "ქართული ოცნების" მხარდამჭერების სიმრავლეს 23 ოქტომბერს, თბილისში გამართულ შეკრებაზე.

"ფაქტია, რომ ხატია დეკანოიძე, რომელსაც 4 წელია ვუყურებთ და 4 წელია ვიცნობ, დღეს განსაკუთრებით აგრესიული და განერვიულებული იყო. სავარაუდოდ, გუშინდელი ხალხმრავლობის შემდგომ აქვს ნერვული შეტევა. ძალიან მიკვირს, რომ ხატია დეკანოიძე ხმას იღებს ან კორუფციაზე, ან საჯარო მოხელეებზე ზეწოლაზე, ან პარანოიდალურ მოვლენებზე, როდესაც თვითონ წარმოადგენდა ნამდვილად პარანოიდალურ ხელისუფლებას. სხვათა შორის, ხატია დეკანოიძე გამორჩევა თავისი კოლეგებისთვის ყურში ცუდი სიტყვების თქმით.

სამწუხაროა, რომ სწორედ ხატია დეკანოიძე მოგვიწოდებს დემოკრატიისკენ მაშინ, როდესაც მთელი 4 წლის განმავლობაში, როდესაც ჩვენ წინ წავიწიეთ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების გზაზე და ძალიან ბევრი ახალი კანონი მივიღეთ ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებებისთვის, ხატია დეკანოიძეს არც საკომიტეტო მოსმენებზე და არც სესიებზე არცერთი დოკუმენტისთვის მხარი არ დაუჭერია. სამარცხვინოა, როდესაც ასეთი ადამიანისგან ვისმენთ საუბარს იმაზე, რომ თურმე საგამოძიებო ორგანოები ან ძალოვანი სტრუქტურები ვინმეს აშანტაჟებენ ან რაიმე ფორმით მიმდინარეობს სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან ზეწოლა ან საჯარო მოხელეზე, ან ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველზე," - აცხადებს მაია ბითაძე.

დღის ამბები