25 ოქტომბერი 2024,   17:32
ვრცლად
"ვეწევით კანონიერ საქმიანობას, საგამოძიებო უწყებას წარვუდგინეთ ყველა შესაბამისი ინფორმაცია, ველოდებით კანონიერ გადაწყვეტილებას" - "კონცენტრ იქსის" დირექტორი ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

"ვაკე პლაზაში", სადაც კომპანია - "კონცენტრ იქსის" ოფისი მდებარეობს, საგამოძიებო მოქმედებები ჩხრეკა გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. აღნიშნული კომპანიის წარმომადგენელმა დღეს განმარტება გააკეთა. "კონცენტრ იქსში" აცხადებენ, რომ მათ არანაირი კავშირი არ აქვთ დანაშაულებრივ "ქოლცენტრებთან", თუმცა თუ ვინმე მათ სახელს უკანონოდ იყენებს, იმედი აქვთ, გამოძიება დაადგენს.

"500 კომპანია და სერვისები გვაქვს 6 კონტინენტზე. გუშინ თბილისში გავაჩერეთ მუშაობა საგამოძიებო უწყების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის გამო. ველოდებით საგამოძიებო უწყების დასკვნას. საქართველოში ოპერირებას ვაგრძელებთ იმის მიუხედავად, რომ ჩვენი ტექნიკის ნაწილი ამოღებულია. ვეწევით კანონიერ საქმიანობას, საგამოძიებო უწყებას წარვუდგინეთ ყველა შესაბამისი ინფორმაცია, ველოდებით კანონიერ გადაწყვეტილებას. არ ვიცით, რის გამო მიმდინარეობს გამოძიება. ველოდებით საგამოძიებო უწყების იურიდიულად დასაბუთებულ დასკვნას. არ გვაქვს არანაირი პოლიტიკური დღის წესრიგი, ჩვენ ნეიტრალური ორგანიზაცია ვართ," - აცხადებს "კონცენტრ იქს - საქართველოს" დირექტორი, ალფერ ალთენი.

შეგახსენებთ, რომ 24 ოქტომბერს "კონცენტრ იქსის" ოფისიდან ტექნიკის ნაწილი ამოიღეს, თუმცა კომპანია ფუნქციონირებას განაგრძობს. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები რამდენიმე ადგილას ერთდროულად შევიდნენ, მათ შორის, "ატლანტიკური საბჭოს" თანამშრომლების - სოფო გელავას და ეთო ბუზიაშვილის სახლში. აქაც ამოიღეს ტექნიკა.

ფაქტს "ატლანტიკური საბჭო" გამოეხმაურა. ამერიკულ კვლევით ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ღრმად შეშფოთებული არიან ამ მოვლენით და იმედი აქვთ, რომ საქართველოს ხელისუფლება მეტ სინათლეს მოჰფენს საკუთარ ქმედებებს. თავად საგამოძიებო სამსახურმა გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ ჩხრეკა ე.წ. ქოლცენტრებში ჩაატარეს და ეს ობიექტები კავშირშია ადრე გამოვლენილ დანაშაულთან თუმცა, ამ შემთხვევაში, გაცილებით დიდ ფინანსებზეა საუბარი.

 

დღის ამბები