28 ოქტომბერი 2024,   01:19
ვრცლად
ისტორიაში პირველად, ქართველმა მებრძოლმა UFC-ის ჩემპიონის ტიტული დაიცვა და ქამარიც შეინარჩუნა - ილია თოფურიამ მაქს ჰოლოვეი მესამე რაუნდში დაანოკაუტა

ილია თოფურიამ მაქს ჰოლუვეის პირველი დანაპირები ბრძოლის დასაწყისშივე შეუსრულდა. პირველივე წამიდან ოქტაგონის ცენტრისკენ მიუთითა და შესთავაზა დარტყმები ახლო დისტანციაზე გაეცვალათ - პასუხი უარი იყო. ქართველი ჩემპიონის განაცხადი იყო, რომ ლეგენდარული ჰავაელი მებრძოლისთვის ეჩვენებინა ვის აქვს საუკეთესო კრივი UFC-ში და სწორედ დგომში, ნოკაუტით დაემარცხებინა. ეს გუშინდელ დღემდე არავის გაუკეთებია. ჰოლუვეის ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ის ვერცერთმა სხვა მეტოქემ ვერ გათიშა.

რადგან პირველ 10 წამში ჯახი არ შედგა, თოფურიას თამაშის გეგმის შეცვლა მოუწია. მან მეტოქეს მეტი მრავალფეროვნება შესთავაზა - კრივის გარდა საქმეში ჭიდაობა და ფეხით დარტყმებიც ჩართო. ამით მეტოქე აიძულა ერთდროულად სხვადასხვა საფრთხეზე ეფიქრა, თავად კი ფინიშისთვის შესაფერისი მომენტის ძებნა დაიწყო. ეს მომენტი ბრძოლის მესამე რაუნდში დადგა და ამჯერადაც შოკისმომგვრელი იყო.

უგონოდ დაცემული მაქს ჰოლუვეი და კიდევ ერთი ზეიმი ჩემპიონის რანგში - ილია თოფურიამ ბრძოლის დასრულების შემდეგ პირველივე კომენტარში თქვა რომ წინასწარ დაანონსებული ნოკაუტის შესრულებით ბედნიერი იყო. აქვე მიმართა მის ყოფილ და პოტენციურად მომდევნო მეტოქეს, ალექს ვოლკანოვსკის, რომელთანაც შესაძლოა რემატჩი ჩაინიშნოს.

ვოლკანოვსკისთან რემატჩის და ქამრის დაცვის გარდა, ილია თოფურიას სხვა ამბიციური გეგმებიც აქვს. პირველ რიგში ეს ზედა წონაში ასვლა, იქ დაღესტნელი ჩემპიონის ისლამ მახაჩევის დამარცხება და ორმაგი ჩემპიონობაა. მას შემდეგ რაც მაქს ჰოლუვეის წინააღმდეგ პირველი ნოკაუტის ავტორი გახდა, ამჯერად ისლამ მახაჩევს ჰპირდება რომ სწორედ ის იქნება პირველი ვინც ჭიდაობაში აჯობებს და მტკივნეული, ან მახრჩობელა ილეთით, საბმიშენით დაამარცხებს.

16 გამარჯვება 0 მარცხი - ილია თოფურიამ მორიგი ხმაურიანი გამარჯვებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით MMA-ის გულშემატკივრების აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა. სპორტის ამ სახეობის საუკეთესო ორგანიზაციაში საქართველოს კვლავ 2 მოქმედი ჩემპიონი ჰყავს. ახლო მომავალში UFC-ში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის დებიუტი შედგება. ილია თოფურია მომდევნო მეტოქის გარკვევამდე ორგანიზაციაში საკუთარი ძმის, ალექსანდრე თოფურიას პირველ ბრძოლას და გამარჯვებას დაელოდება.

დღის ამბები