მივა თუ არა პრეზიდენტი ხვალ საგამოძიებო უწყებაში? პროკურატურა სალომე ზურაბიშვილს გამოკითხვაზე იბარებს - ადმინისტრაციას საპასუხო განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა 19:00 საათზე ორბელიანების სასახლეში ბრიფინგია დაგეგმილი და სავარაუდოდ, მოვისმენთ სალომე ზურაბიშვილის პოზიციას.
პროკურატურამ არჩევნების სავარაუდო გაყალბებაზე გამოძიება ცესკო-ს მიმართვის საფუძველზე დაიწყო. უწყების მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართვის და საჯარო ინფორმაციის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი უნდა ფლობდეს მტკიცებულებებს.
აქვე განმარტებულია, რომ პრეზიდენტთან ერთად შეისწავლიან პოლიტიკური პარტიების და სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლების მიერ გაჟღერებულ ფაქტებს - გამოკითხავენ ყველა პირს, ვინც შესაძლოა ინფორმაციას ფლობდეს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი შარაბიძის განცხადებით, საზოგადოებრივი ინტერესი ძალიან მაღალია და საჭიროა ყველა კითხვას გაეცეს პასუხი.
"მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვგონია, რომ ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი და თუ ვინმეს ამ ინსტიტუციაში ჩადენილი აქვს რაიმე დანაშაული, ჩემიდან დაწყებული, მე მზად ვარ ვაგო შესაბამისი პასუხი. მე დიდი ინტერესით დაველოდები და მაქვს მაღალი მოლოდინი, რომ ყველა ის პირი, რომელიც აცხადებს, რომ მას ხელთ აქვს გაყალბების ფაქტები, ამ ფაქტებს წარადგენს შესაბამის ინსტიტუციაში ობიექტური და ჭეშმარიტი გამოძიებისთვის, რათა საბოლოო ჯამში ყველამ მივიღოთ შესაბამისი ინფორმაცია. საარჩევნო პროცესი გადაიქცა ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის ბრალდებების ასპარეზად, თითქოს გამოცხადებულია ერთგვარი შეჯიბრი, ვინ უფრო მეტ სიახლეს წარმოაჩენს ამ ფაქტებთან მიმართებაში. აქ საუბარია მტკიცებულებებზე და თუ ვინმეს ამგვარი მტკიცებულება გააჩნია, ცხადია ეს ძალიან კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ საზოგადოებას შევატყობინოთ ობიექტურობა და სიმართლე", - განაცხადა გიორგი შარაბიძემ.