"რადგან საქართველოში გვქონდა არჩევნების მიტაცების უპრეცედენტო შემთხვევა, გამოძიებაც შეიძლება ჩაატაროს აქამდე უპრეცედენტო საერთაშორისო ორგანომ," - ასე უპასუხა კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გია ჯაფარიძემ "დღის კურიერის" კითხვას იმის შესახებ, არსებობს თუ არა სხვა პრეცედენტი, როდესაც არჩევნების გაყალბების შესახებ გამოძიება სხვა ქვეყნის უწყებამ ჩაატარა.
მისივე თქმით, ამ "ტოტალური და უპრეცედენტო" გაყალბების მტკიცებულებები საზოგადოებამ არჩევნების დღეს ნახა და მაგალითად მარნეულში, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრა გაიხსენა.
"ბატონმა მილერმა ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ ევროპის კავშირთან ერთად მუშაობს იმ საკითხზე, თუ როგორ შეიძლება ჩატარდეს ეს საერთაშორისო გამოძიება. არსებობს პრეცედენტები, მაგრამ რაღაც ყოველთვის ხდება [პირველად]. საქართველოში რაც მოხდა - არჩევნების ასეთი გაყალბება, არც ასეთი პრეცედენტი არ არსებობს. არ არსებობს ტოტალური, მასობრივი, არჩევნების მიტაცების ისეთი პრეცედენტი, რაც მოხდა საქართველოში. რადგან საქართველოში გვქონდა არჩევნების მიტაცების უპრეცედენტო შემთხვევა, გამოძიებაც შეიძლება ჩაატაროს აქამდე უპრეცედენტო საერთაშორისო ორგანომ.
აშშ და ევროპის კავშირი, როგორც გაირკვა მილერის განცხადებიდან, ამ საკითხზე მუშაობენ. ეს შეიძლება იყოს საერთაშორისო ორგანიზაცია, საერთაშორისო ორგანიზაციებისგან შექმნილი ჯგუფი და ა.შ.
უპრეცედენტო რაღაც მოხდა საქართველოში - მოსკოვმა საქართველოში დატესტა არჩევნების მიტაცების ისეთი მეთოდები, ისეთი ჰიბრიდული მოდელი, რომელსაც აქამდე მსოფლიოში ადგილი არ ჰქონია. მტკიცებულებები საზოგადოებამ უკვე ნახა, მტკიცებულებები ვნახეთ არჩევნების დღეს, როდესაც მასობრივად ხდებოდა ბიულეტენების ჩაყრა, მაგალითად მარნეულში," - განაცხადა გია ჯაფარიძემ.