უკრაინამ მოსკოვს სულ მცირე 25 ერთეული უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია. როგორც სააგენტო Reuters-ი, რუს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, დროებით დაიხურა მოსკოვის ორი ძირითადი აეროპორტი.
"ამ დრომდე, ესაა უკრაინული დრონების ყველაზე დიდი დარტყმა რუსეთის დედაქალაქზე", - წერს სააგენტო.
მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი აცხადებს, რომ უპილოტო საფრენი აპარატები გაანადგურეს რამენსკოესა და კოლომენსკის ტერიტორიაზე, ასევე - ქალაქ დომოდედოვოში.
"წინასწარი ინფორმაციით, ნამსხვრევების ჩამოცვენის ადგილზე ზარალი ან მსხვერპლი არ არის", - განაცხადა სობიანინმა.
განცხადება გაავრცელა რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომაც ("როსავიაციამ").
"სამოქალაქო თვითმფრინავების ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შემოღებულია დროებითი შეზღუდვები დომოდედოვოსა და ჟუკოვსკის აეროპორტების მუშაობაზე", - აღნიშნულია "როსავიაციის" განცხადებაში.
მოსკოვის ოლქში 21 მილიონზე მეტი მოსახლეობა ცხოვრობს.