27 დეკემბერი 2024,   00:37
ვრცლად
კანონების გაწვევის მოთხოვნა, მოლაპარაკებების გახსნის სანაცვლოდ - როგორია ევროპელი ლიდერების პირობა და რა პასუხი აქვთ მმართველ გუნდში

კანონების გაწვევის მოთხოვნა, მოლაპარაკებების გახსნის სანაცვლოდ - "ვაიმარის სამკუთხედის" ლიდერებმა, ერთობლივი განცხადების შემდეგ, საქართველოში, ბოლო დროს მიღებული სადაო კანონების გარშემო დავა ისევ გააქტიურეს. საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი და პოლონეთის პრემიერი საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაციის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და პირდაპირ ამბობენ, რომ თუ ქვეყანა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" და "ოჯახური ღირებულებების შესახებ" კანონებს არ გააუქმებს, გაწევრიანებაზე მოლაპარაკებას მათი მხრიდან მხარდაჭერა ვერ ექნება.

ევროპელი ლიდერების მოთხოვნაზე ისევ კითხვები აქვს საქართველოს ხელისუფლებას. პრემიერ-მინისტრი არგუმენტებს ელოდება და კონკრეტული კითხვების დასაბუთებას ითხოვს.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და არასრულწლოვანთა დაცვის" შესახებ კანონების საკითხი ოპოზიციისთვის მეორეხარისხოვან თემად იქცა. მმართველი გუნდის ოპონენტები კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში, აქტიურად მონაწილეობდნენ, თუმცა ახლა ქუჩაში სულ სხვა მოთხოვნებით გადიან, მათი პრიორიტეტიც დღეს უკვე ხელახალი არჩევნების ჩატარებაა.

მამუკა ხაზარაძე ევროპელ ლიდერებთან გვამისამართებს. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოწინააღმდეგეს, საკითხზე კონკრეტული საუბარი აღარ სურს. "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" მსგავსად, თემა აქტუალური აღარც "ლელოს" კოალიციისთვისაა.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონის წინააღმდეგ ბრძოლა დაინიცირების დღიდან საკუთარ მიზნად ესახებოდა, კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, თუმცა პრიორიტეტები ნიკა გვარამიასთვისაც შეიცვალა.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ესახებათ მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობად გიორგი გახარიას გუნდშიც. თეონა აქუბარდია განმარტავს, რომ ინტეგრაციის პროცესს არა მხოლოდ კანონების გაუქმება, არამედ ევროპული ყველა რეკომენდაციის შესრულება სჭირდება.

ევროპელი ლიდერების მოთხოვნაზე, პარლამენტის თავმჯდომარისთვის პასუხი უკვე გაცემულია. შალვა პაპუაშვილი წარსულს იხსენებს და ამბობს, რომ ორივე კანონის უკან ქართველი ხალხის არჩევანი დგას. პირველი კანონმდებელი დარწმუნებულია, რომ ქვეყანა უსამართლო გადაწყვეტილებების მიუხედავად, ევროპული ოჯახის წევრი გახდება.

ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ორ კანონს შემაფერხებელ ფაქტორად აცხადებენ ევროპელი ლიდერები. საფრანგეთის პრეზიდენტმა, გერმანიის კანცლერმა და პოლონეთის პრემიერმა კანონების გაუქმება მოითხოვეს.

 

ავტორი: იზი ბურნაძე 

დღის ამბები