06 დეკემბერი 2024,   14:27
ვრცლად
ოპოზიციის ინტერესების გატარება და პოლიტიკური მიკერძოება - სახელისუფლებო გუნდის წევრებმა ევროპელ დეპუტატებთან შეხვედრაზე უარი თქვეს

ვიზიტი, რომელიც ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება - ასე შეაფასა მთავრობის მეთაურმა ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების საქართველოში სტუმრობა. პრემიერ -მინისტრი ევროპელ დეპუტატებს სუვერენულ სახელმწიფოსთან ურთიერთობის ფორმას უწუნებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, დელეგაციის წევრების ნაწილი საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად ერევა. პრემიერის შეფასებით, სწორედ ამ ფაქტებმა განაპირობა, რომ მათთან შეხვედრაზე უარი თქვეს.  

განცხადებები, რომლის გამოც ევროპელი დეპუტატების ვიზიტი მიკერძოებულად შეფასდა, ათონელის რეზიდენციაში, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდა. გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონების გაუქმება ისევ პირველი რიგის მოთხოვნებს შორის რჩება. ევროპელი დეპუტატები საარჩევნო დარღვევების დამოუკიდებელ გამოძიების აუცილებლობაზეც საუბრობენ. ამბობენ, რომ ამაზეა დამოკიდებული არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი.

ათონელის რეზიდენციიდან გახმოვანებული გზავნილების მიღმა სახელისუფლებო ძალა მხოლოდ ოპოზიციის სასარგებლოდ მაშველი რგოლის ფუნქციის შესრულებას ხედავს, ნებისმიერ განცხადებას კი, რომელიც ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ან ეროვნული კანონმდებლობის შეცვლას უკავშირდება, არამეგობრულ კონტექსტში განიხილავენ.

სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, დელეგაციის წევრებმა ოპოზიციასთან, მესამე სექტორთან და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გადაინაცვლეს, თუმცა მანამდე, ათონელის რეზიდენციასთან შეკრებილებს შეხვდნენ. 26 ოქტომბრის არჩევნები და დარღვევებზე საერთაშორისო გამოძიება იყო საუბრის თემა პარტიებთან შეხვედრისას.

ოპოზიციის ინტერესების გატარება და პოლიტიკური მიკერძოებაა მთავარი მიზეზი, რის გამოც ევროპელ დეპუტატებს სახელისუფლებო გუნდის წევრები არ ხვდებიან. პარლამენტის თავმჯდომარემ "ფეისბუქ" პოსტში ძირითადი მიზეზები დაასახელა, რატომაც არ სურთ ევროპელ კოლეგებთან შეხვედრა.

ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის პარლამენტების კომიტეტების თავმჯდომარეები თბილისში დღეს ჩამოვიდნენ და შეხვედრებიც დღესვე გამართეს. 

 

დღის ამბები