26 დეკემბერი 2024,   17:32
ვრცლად
პერფორმანსი დანაშაულის ნიშნებით და თავდასხმა ცესკოს თავმჯდომარეზე - საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი და ხმაურიანი სხდომათა დარბაზი

"ნაციონალური მოძრაობის" კომისიის წევრი, სხდომაზე წინასწარ, კარგად მომზადებული გეგმით მივიდა. დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი სითხე იმ ყავის ჭიქიდან შეასხა, რომელიც მანამდე საეჭვოდ არავის მიუჩნევია. ცესკოს თავმჯდომარეზე თავდასხმის შემდეგ დარბაზში ერთდროულად სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.

თუმცა, კირთაძე ამ დროს უკვე შენობის გარეთ იყო, საკუთარ ავტომობილში ჯდებოდა და ტერიტორიას ტოვებდა.

ფაქტს წინ უძღოდა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის სიტყვით გამოსვლა. გაფრთხილების მიუხედავად, კირთაძემ პოლიტიკური განცხადებები გააკეთა, რეგლამენტის გათვალისწინებული დროის გასვლის გამო კი მას მიკროფონი გაუთიშეს. თუმცა სხდომა თავიდან კონსტრუქციულ გარემოში დაიწყო.

3 წუთში შეჩერებული სხდომა ნახევარ საათში განახლდა. ცესკოს თავმჯდომარე დარბაზში თვალახვეული დაბრუნდა. მომხდარი პროვოკაციად შეაფასა და თქვა, რომ მიკერძოებული მხარე არგუმენტების არ არსებობის პირობებში, მსგავსი თავდასხმებით ცდილობს, არჩევნების გაყალბების აღქმა შექმნას.

გიორგი კალანდარიშვილის მიმართვის შემდეგ, სხდომა გაგრძელდა, თუმცა ისევ სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე, სადაც უკვე ლელოს წარმომადგენელი აქტიურობდა. გიორგი სიორიძეს, რამდენჯერმე მიუთითეს, არ გასცდენოდა სხდომის დღის წესრიგს. მისცეს გაფრთხილებაც დარბაზიდან გაძევების შესახებ, თუმცა საბოლოოდ მან სხდომა საკუთარი ნებით დატოვა.

ხმაური იყო შენობის გარეთაც. ცესკოსთან დილიდან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და აქტივისტები იმყოფებოდნენ, რომლებიც საარჩევნო შედეგებს უნდობლობას უცხადებდნენ.

შენობასთან დაწყებული აქცია მსვლელობით გაგრძელდა, სადაც იყო გარკვეულ ინციდენტებსაც. გზის გადაკეტვის გამო, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირებაც, რა დროსაც ადმინისტრაციული წესით 3 პირი დააკავეს. ინციდენტებში უშუალოდ პოლიტიკოსებიც მონაწილეობდნენ.

აქციის პარალელურად, ცესკოში სხდომა გრძელდებოდა, რაც შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებით დასრულდა. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო დოკუმენტის თანახმად, "ქართულმა ოცნებამ" ამომრჩეველთა 53 მთელი 93 მეასედი პროცენტი მიიღო და პარლამენტში 89 მანდატით იქნება წარმოდგენილი! საარჩევნო ბარიერი 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა! მათგან ყველაზე მეტი 19 მანდატი პარტიამ - „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიიღო! 16 მანდატი აქვს ნაციონალურ მოძრაობას. "ძლიერ საქართველოს" 14; პარტიას - "გახარია საქართველოსთვის“ კი 12. საარჩევნო პერიოდი ოფიციალურად დასრულდა.

ცესკოს თავმჯდომარეზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, კომისიის მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაწყებულია - სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შსს ინფორმაციით, გამოძიების მსვლელობისას ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება..

დღის ამბები