26 დეკემბერი 2024,   17:43
ვრცლად
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მომხდარი ინციდენტი - როგორ აფასებს გიორგი კალანდარიშვილზე თავდასხმას პოლიტიკური სპექტრი

"პოლიტიკური ტერორის კონკრეტული გამოვლინება იყო, რაც დღეს კომისიის წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან იკადრა," - ასე აფასებს მმართველი გუნდი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე თავდასხმას. ირაკლი ქადაგიშვილი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენების აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ შეურაცხყოფა არა მხოლოდ გიორგი კალანდარიშვილს, არამედ ინსტიტუციას მიაყენა.

ის, რაც მმართველი გუნდისთვის დასაგმობია, მისაღები და მოსაწონია ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტები ცესკოს თავმჯდომარეზე თავდასხმით კმაყოფილები არიან და დავით კირთაძეს მადლობას უხდიან.

დანაშაული, ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოვლინება და სადისტური აქტი - "ქართული ოცნების" ლიდერები ამბობენ, რომ კირთაძე პასუხს არა მხოლოდ კანონის, არამედ საზოგადოების წინაშეც აგებს. ცესკოს თავმჯდომარეზე თავდასხმის ფაქტს, სოციალური ქსელით გამოეხმაურა უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, რომელმაც დაწერა, რომ შავი ლაქა აგენტურული ოპოზიციის სიმბოლოდ იქცა.

"ქართული ოცნების" ლიდერებმა დღეს დავით კირთაძის პოლიტიკური წარსულიც გაიხსენეს. ის, რომ ცესკოს თავმჯდომარესთან დაპირისპირება მისგან პირველი შემთხვევა არ არის. ასე იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც, მაშინ როცა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია იყო.

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის მხრიდან გიორგი კალანდარიშვილზე თავდასხმა დაგმო სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა.

დავით კირთაძის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 118- ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები