27 დეკემბერი 2024,   00:34
ვრცლად
ციხეში შექმნილი ვლოგი, დღიური საპყრობილიდან, ციხეში ნაპოვნი პროფესია და ციხიდან ნაპოვნი მეორე ნახევარი - ყოფილი პატიმრის ისტორია

ადამ რიგვავა ყოფილი პატიმარია - პატიმარი ბლოგერი და ახლა უკვე თავისუფალი ბლოგერი - 24 წლის ბიჭი აფხაზეთიდან, რომელმაც "კურიერი P.S.-თან" ინტერვიუმდე მძიმე გზა გაიარა.

უცნაურია, მაგრამ, რამდენიმე დღის წინ ციხიდან გათავისუფლებულს, ისევ იმ ციხესთან შევხვდით, სადაც 6 წელი გაატარა. ამჯერად აქ გისოსებს მიღმა დარჩენილი მეგობრებისთვის ამანათთან ერთად, ზრუნვის შესაგზავნად მივიდა - საკნის მეგობრებს წიგნები მიუტანა, წიგნები, რომელიც ჩაკეტილ სივრცეში, თავისუფლებამდე დარჩენილ დროს ყველაზე მეტად ამცირებს.

ადამ რიგვავას გზა გალიდან თბილისის გავლით, სულ სხვა მიმართულებით მიდიოდა, რომ არა შეცდომა, რომელმაც საპყრობილემდე მიიყვანა.

მძიმე დანაშაული მაშინ გააცნობიერა, როდესაც საკანში ნარკომომხმარებლებთან ერთად აღმოჩნდა. თვითგადარჩენის ინსტინქტმა ჯერ მუსიკის წერა ასწავლა. შეისწავლა ქართული ენა და დისტანციურად გახდა სტუდენტი. შემდეგ, ისწავლა ჩინური, თანაც ისე, რომ ციხეში სხვა პატიმრების მასწავლებელი გახდა.

ბოლოს კი გაჩნდა იდეა, პატიმრის დღიურების, ყოფის, განცდების საჯაროდ გამოტანის. ამ მიზნით, სხვა პატიმრებთან ერთად, სოციალურ ქსელში გვერდი "მეიდინზონი" შეიქმნა. მალევე, გვერდი შემოსავლის წყაროდ იქცა.

ბლოგის კეთებაში მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი დაეხმარა - გოგო, რომელიც, როგორც თავად ამბობს, ციხის ყველაზე დიდი პლუსია. ანამარია მაშინ გაიცნო, როდესაც უმაღლესი განათლების მიღება გადაწყვიტა. გამოცდების დროს, მას უნივერსიტეტის აუდიტორიაში დიდ ეკრანზე, დისტანციურად რთავდნენ. ანამარია მისით დაინტერესდა, მოძებნა და ასე დაუკავშირა პირადი ცხოვრება კურსელს #16-ე ციხიდან.

სიყვარულის ისტორია რამდენიმე წელი ფურცლებზე იწერებოდა, წერილებში რომელსაც წყვილი ახლაც ინახავს. მალევე, გისოსებში ქორწინების უჩვეულო ცერემონია მოეწყო - ციხეში დამზადებული ხის ბეჭდებით და პატიმრების მუსიკალური ბენდის თანხლებით.

ადამი, ანამარია და ციხიდან გამოყვანილი კატა სახელად პაიკა, "მეიდინ ზონის" განვითარებაზე ახლა ერთად ზრუნავენ. მიზანი ერთია - დაამსხვრიონ სტერეოტიპი, რომ ყველა პატიმარი ბოროტმოქმედია; უთხრან საზოგადოებას, რომ გულწრფელი სინანული შესაძლებელია.

დღის ამბები