უკრაინამ "ატაკამსის" რაკეტებით რუსეთს დაარტყა. ბრიანსკის ოლქში განადგურებულია ოკუპანტის იარაღის არსენალი. სამხედრო ობიექტზე დეტონაციამ აფეთქებების სერია გამოიწვია.
მედია წერს, რომ ქალაქ კარაჩევში 12 აფეთქების ხმა ისმოდა. ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი წერს, რომ ჯო ბაიდენის მიერ კიევისთვის რამდენიმე დღის წინ მიცემული ნებართვა, შტატების მიერ გადაცემული იარაღით რუსეთის შიდა ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე დარტყმის შესახებ ფრონტის მთელს ხაზზე სიტუაციას არსებითად შეცვლის და რუსეთის საოკუპაციო არმიის თავდასხმით პოტენციალს შეამცირებს.
ამასთან ერთად, ცნობილი ხდება ვაშინგტონის კიდევ ერთი გადაწყვეტილების შესახებ. ჯო ბაიდენმა უკრაინას ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმების გამოყენების უფლებაც მისცა, ინფორმაციას "ბი ბი სი" ავრცელებს.
ბრიტანული გამოცემა წერს, რომ უკრაინის მოკავშირე ამ ნაბიჯით ცდილობს, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში რუსი ჯარისკაცების წინსვლა შეანელოს.