საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენების ერთ მხარეს იყვნენ არაევროპულად მოქმედი ძალადობრივი დაჯგუფებები და მეორე მხარე იყო ევროპული და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედი პოლიცია.
კობახიძის განმარტებით, ძალადობის ორგანიზატორი პოლიტიკოსები პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დღეებში მოქმედებდა ამერიკულზე და ევროპულზე უფრო მაღალი სტანდარტებით. პირველი ორი დღის განმავლობაში იყო სამწუხარო ინციდენტები. მას შემდეგ, გასული სამი დღის განმავლობაში, შესაბამისი მოქმედებები ინციდენტების გარეშე ჩატარდა და მადლობა პოლიციელებს ამისთვის. ერთ მხარეს იყვნენ არაევროპულად მოქმედი ძალადობრივი დაჯგუფებები და მეორე მხარე იყო ევროპული და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედი პოლიცია, რაც ძალიან დასაფასებელია. ჩვენ ვწუხვართ თითოეული დაშავებული მომიტინგის, პოლიციის და ჟურნალისტის გამო. პასუხისმგებლობას ამ დღეების განმავლობაში მიმდინარე მოვლენებზე ვერ გაექცევიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ ყველაფერს აორგანიზებდნენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.