05 დეკემბერი 2024,   05:24
ვრცლად
ბოლო დღეებში დაკავებულების რაოდენობა 300-ს გადასცდა - საქალაქო სასამართლოში დაკავებული დემონსტრანტების საქმეების განხილვა დღეს დილიდან დაიწყო

საქალაქო სასამართლოში დაკავებული დემონსტრანტების საქმეების განხილვა დღეს დილიდან დაიწყო.

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულები მოსამართლემ 2-თვიან პატიმრობაში დატოვა. თემურ ზასოხაშვილი და დავით ლომიძე დანაშაულს არ აღიარებენ. ინტერესების დამცველებმა მათი გათავისუფლება გირაოს სანაცვლოდ მოითხოვეს.

გამოძიების ინფორმაციით, თემურ ზასოხაშვილმა და დავით ლომიძემ ჭიჭინაძის ქუჩაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. ბრალდებულების მიერ ნასროლმა აალებადმა საგანმა შინაგანს საქმეთა სამინისტროს სპეც-ტექნიკაც დააზიანა. დანაშაული 4-7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის დანაშაულზე სულ 6 დემონსტრანტია დაკავებული. მათგან ერთი, 42 წლის მამაკაცი პოლიციამ დრეს აიყვანა. შსს ოფიციალური ინფორმაციით, ის მკვლელობის მცდელობის და ქურდობისთვისაა ნასამართლევი, გამოძიებამ დაადგინა, რომ რუსთაველის გამზირიდან წამოსულმა, აქციის მონაწილემ, მზიურის პარკში ვიდეოსამეთვალყურეო კამერები დააზიანა.

საქალაქო სასამართლოში დღეს ადმინისტრაციული წესით დაკავებული დემონსტრანტების საქმეებიც განიხილებოდა.

პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის და წვრილმანი ხულიგნობისთვის 3 პირი, დღეს ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიეცა. მოსამართლემ ისინი 7-დღიან პატიმრობაში დატოვა.

30 საქმიდან, ნაწილის განხილვა გადაიდო. მიზეზი ადვოკატების შუამდგომლობები გახდა. ინტერესების დამცველებმა, მტკიცებულებების სრულად ჩაბარება მოითხოვეს.

დაკავებული დემონსტრანტების საქმეების განხილვა სასამართლოში ხვალაც გაგეძლება. წუხელ პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 22 პირი დააკავა. მათ პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. ყველა მათგანი ამ დროისთვის, დროებითი მოთავსების იზოლატორებში იმყოფებიან.

 

 

 

 

დღის ამბები