ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე კონკრეტულ შეფასებას არ აკეთებს, მიუხედავად იმისა, რომ როგორც თავად ჰყვება, შედეგების არაღიარების თხოვნით მას პრეზიდენტმა ზურაბიშვილმაც მიმართა. კომენტარი მედიასთან ამის შესახებ ქსავიე ბატელმა NATO-ს მინისტერიალის დაწყებამდე გააკეთა. ის ევროინტეგრაციის საკითხსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსაც გამოეხმაურა.
ბრიუსელში გაკეთებული განცხადება თბილისში არ გაჰკვირვებია ხელისუფლებას. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სიახლე მათთვის არა სალომე ზურაბიშვილის ქმედებები, არამედ საერთაშორისო დიპლომატის მხრიდან ამის პირდაპირი აღიარებაა.
ის, რომ სალომე ზურაბიშვილი და მასთან ერთად პოლიტიკური პარტიები პარტნიორებს, არჩევნების არაღიარებისკენ თავადაც მოუწოდებდნენ - ადასტურებენ ოპოზიციაში. ამბობენ, რომ არჩევნების ლეგიტიმაციას კონკრეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები ვერ ასახავს.
ღალატად აფასებს სალომე ზურაბიშვილის გზავნილს პარტნიორებთან საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე ამ საკითხს მედიის კითხვის საპასუხოდ გამოეხმაურა. თქვა, რომ პრეზიდენტი აქამდეც ქვეყნის და მისი რეპუტაციის დამაზიანებლად მოქმედებდა, მათ შორის ევროინტეგრაციის კუთხით.
26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ სალომე ზურაბიშვილს სატელეფონო კომუნიკაცია არაერთი ქვეყნის პრეზიდენტთან ჰქონდა. ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ გამოხმაურებია.