პრეზიდენტის განცხადებას პრემიერ-მინისტრი არამდგრადი ემოციური მდგომარეობით ხსნის - ირაკლი კობახიძემ ამ კომენტარით შეაფასა სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ ქვეყნის სპეცდანიშნულების ძალები აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ არიან.
ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ მიუთითა, რომ პრეზიდენტს ვადა ოთხ კვირაში ეწურება. სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ მედიასთან ისაუბრა ამ თემაზე - მისი თქმით, სპეცდანიშნულების ძალების ნარკოტიკულ თრობაზე მათი ბრუტალობა მეტყველებს. ეს კომენტარი დილიდან პოლიტიკური შეფასებების საგანია.
“სალომე ზურაბიშვილის ემოციური მდგომარეობა არის არამდგრადი და შეგვიძლია ვუთანაგრძნოთ მას. მას აქვს დარჩენილი 4 პარასკევი და ამ ფონზე მისი ემოციური განცხადებები არავისთვის არის გასაკვირი.
კი, პოლიციელები მისი განცხადებით, იყვნენ ნარკოტიკული თრობის ქვეშ და მოძალადე მომიტინგეები იყვნენ სრულიად ფხიზლები. ყველამ დაინახა ვინ იყო და ვინ არ იყო ფხიზელი ამ დღეების განმავლობაში ამ მიტინგებზე,“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე.