ნურავის ექნება ილუზია, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება "ნაცმაიდანი" მოახდინონ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა, მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ხდება სამწუხარო ინციდენტები, რომელსაც სჭირდება გამოძიება.
"ვიღაც-ვიღაცებს ჰქონდათ ამ ქვეყანაში "ნაცმაიდნის" მოლოდინი, რისი აუცილებელი პირობაც იყო, რომ ამ დღეებში რაც დაგეგმილი იყო 16-20 დეკემბრისათვის, მაგრამ გადმოიწია ამ დღეებში, უნდა მომხდარიყო უწყებების, ინსტიტუტების, სისტემების ჩამოშლა, რაც ვერ მოახერხეს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება და გვაქვს ცალკეული პრობლემები და რიგ შემთხვევაში ამას ძალიან ტენდენციური ადამიანები ახორციელებენ, მაგრამ ყველა ინსტიტუტი ქვეყანაში მუშაობს გამართულად და ამისათვის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ეს იქნება განათლების სამინისტროს თითოეული წარმომადგენელი, სხვა სამინისტროს წარმომადგენლები თუ პოლიციელი, რომელიც ამდენი ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიუხედავად, ძალიან მყარად დგას და მოთმინებით იცავს თავის ქვეყანას.
არის ხოლმე სამწუხარო ინციდენტები, განსაკუთრებით სამწუხაროა ის ფაქტი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდას შეეხება, მაგრამ საბედნიეროდ, როგორც ექიმები გვეუბნებიან, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება აქაც. იქ კიდევ ბევრი რამ არის გამოსაკვლევი და გამოსაძიებელი და მგონია, რომ ყველაფერი დეტალურად გახდება ცნობილი.
ნურავის ექნება ილუზია, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება "ნაცმაიდანი" მოახდინონ, იმიტომ, რომ აქ ერთ მხარეს, ამ შემთხვევაში და ყველა შემთხვევაში ჩვენს მხარეს, იმიტომ რომ ჩვენს სამშობლოს ვემსახურებით და არა სხვებს, არის სიმართლე, არის ხალხი და არის სამშობლოს რეალური შეგრძნება და არა პიარისათვის გამოსაყენებელი სამშობლო, რომელიც მათთვის, რეალურად, არ არსებობს.
მათი გეგმები, ყოველთვის ასე ჩაივლის და წყალში გადაიყრება, იმიტომ, რომ მათი გეგმა არც ერთი, თავის სამშობლოს, სიმართლეს არ ემსახურება. ჩვენ, ევროინტეგრაციის გზაზე მივაღწევთ ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას და მარტივი არ იქნება, შეგუებულები ვართ და ქართველი ხალხიც ამას შეეგუა. ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენი სვლა არ იქნება მარტივი, მაგრამ, ღირსეულად, ჩვენ ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ქვეყანას და ხალხს გავხდით ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრებს," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.