04 დეკემბერი 2024,   22:35
ვრცლად
გრიგოლ გეგელია საკონსტიტუციო სასამართლოზე: “მათ, სამწუხაროდ, არჩიეს ამ ნაგავსა და ჭაობში ჩაყოლა “ქართული ოცნებისთვის“

“მათ, სამწუხაროდ, არჩიეს ამ ნაგავსა და ჭაობში ჩაყოლა “ქართული ოცნებისთვის“. გზა ხსნილია, მიბრძანდნენ,“ - ასე შეაფასა “ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობაზე, პრეზიდენტისა და პოლიტიკური პარტიების სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს შეეძლოთ, ერთი სწორი გადაწყვეტილებით ისტორია შეეცვალათ, თუმცა ეს არ გააკეთეს.

“აზრი გამოაცალეს არჩევანის გაკეთებას. საერთოდ არ აქვს აზრი, ასეთ ვითარებაში ვის მისცემ ხმას. ამ ადამიანებს ჰქონდათ შანსი, რომ ერთი სწორი გადაწყვეტილებით, ამ ქვეყნის ისტორია შეეცვალათ და ამ ისტორიაში შესულიყვნენ. მათ, სამწუხაროდ, არჩიეს ამ ნაგავსა და ჭაობში ჩაყოლა “ქართული ოცნებისთვის“. გზა ხსნილია, მიბრძანდნენ,“ - აცხადებს გრიგოლ გეგელია.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ, 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობაზე, პრეზიდენტისა და პოლიტიკური პარტიების სარჩელი წარმოებაში არ მიიღო. გადაწყვეტილება სასამართლოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. განსხვავებული აზრი დაწერა ორმა მოსამართლემ: თეიმურაზ ტუღუშმა და გიორგი კვერენჩხილაძემ.

განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, 3 დეკემბერს, დღის ბოლოს, პოლიტიკოსებთან და კონსტიტუციონალისტებთან ერთად, ბრიფინგი გამართა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმა თქვა, რომ “ქართული ოცნება“ ხელისუფლების უზურპაციას ახდენს. მისივე მოსაზრებით, შექმნილ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნების დანიშვნაა.

დღის ამბები