04 დეკემბერი 2024,   12:11
ვრცლად
სამხრეთ კავკასიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი: "ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მზადაა ხელი შეუწყოს დიალოგს, მოვუწოდებ ყველა მხარეს ჩაერთონ კონსტრუქციულ და ღია დიალოგში"

ბოლო დღეებში, საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და პოლიციასთან მომხდარი შეტაკებების საპასუხოდ, სამხრეთ კავკასიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ლუის გრაჩამ განცხადება გაავრცელა და მოუწოდა მომიტინგეებს თავი შეიკავონ ძალადობისგან, ხოლო ხელისუფლებას მოუწოდებენ პატივი სცენ შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტურ თავისუფლებებს.

გრაჩამ შემდეგი განცხადება გააკეთა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ძალიან შეშფოთებული ვარ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში მიმდინარე მოვლენებით. ბოლო დემონსტრაციების დროს ძალადობის შესახებ ცნობები საგანგაშოა. ვიზიარებ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მიერ გამოთქმულ შეშფოთებას.

მე ასევე მოვუწოდებ ყველა აქციის მონაწილეს, გამოიყენონ მშვიდობიანი პროტესტის უფლება კანონის უზენაესობის პატივისცემით, რადგან ძალადობრივი ქმედებები დაუშვებელია. მოგიწოდებთ, რომ საპროტესტო აქციები იყოს მშვიდობიანი. ამავდროულად, ხაზს ვუსვამ, რომ პოლიციას ეკისრება პასუხისმგებლობა, გამოიჩინოს თავშეკავება მომიტინგეების მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ მოუსმინოს მომიტინგეების ხმას და პატივი სცეს ფუნდამენტურ თავისუფლებებს.

როგორც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დასკვნებიდან ირკვევა, არჩევნები ჩატარდა ღრმად პოლარიზებულ გარემოში, რომელიც დღესაც ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ ყველას მოვუწოდებ, გაითვალისწინონ არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის მომავალი საბოლოო ანგარიში, მოვუწოდებ ყველა მხარეს ჩაერთონ კონსტრუქციულ და ღია დიალოგში, ნდობის აღდგენისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მზადაა ხელი შეუწყოს დიალოგს და მხარი დაუჭიროს გადაწყვეტილებებს, რომლებიც მხარს უჭერენ დემოკრატიულ და კონსტიტუციურ წესრიგს, კანონის უზენაესობას და ყველა ქართველის კეთილდღეობას. ეს ასევე მოიცავს, ნებისმიერი ურთიერთქმედებას ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშის რეკომენდაციების ეფექტური განხორციელების უზრუნველსაყოფად, რომლებიც უნდა განიხილებოდეს პარლამენტში.

ამ კრიტიკულ მომენტში, მე მოვუწოდებ ყველა მხარეს ჩაერთონ კონსტრუქციულ და ღია დიალოგში ნდობის აღდგენისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად. საქართველოს ხალხი იმსახურებს მშვიდობიან და დემოკრატიულ მომავალს და ამ მიზნის მიღწევის გზაზე, ჩვენი ასამბლეა კვლავ მხარდაჭერის ერთგული რჩება.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ბუქარესტის დეკლარაციაში, რომელიც მიღებულ იქნა გასული წლის ივლისში, ასამბლეამ მოუწოდა ეუთოს და მის მონაწილე ქვეყნებს, გადახედონ უსაფრთხოების არქიტექტურას ყოვლისმომცველი პერსპექტივიდან. მხარი დაუჭირონ სახელმწიფოებს, რომლებსაც აქვთ უსაფრთხოებისა და დაცვის უფლება, რაც გათვალისწინებულია ჰელსინკის დასკვნით აქტში და გაეროს წესდებაში, მაგრამ მათ არ გააჩნიათ უსაფრთხოების გარანტიები მათი სრული განხორციელებისთვის, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა უკრაინაში, მაგრამ ასევე პოტენციურად სხვა "ნაცრისფერი ზონის" სახელმწიფოები, როგორიცაა მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო და სომხეთი," - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები