04 დეკემბერი 2024,   22:48
ვრცლად
“გადამიყვანეს სასწრაფოში, სადაც დამიდასტურდა მოტეხილი ცხვირი, თავზე დაზიანებები და ტვინის შერყევა“ - როგორია აქციაზე დაშავებულების მდგომარეობა

აქციაზე დაშავებულების ნაწილი ინგოროყვას კლინიკაში რჩება. ექიმების განცხადებით, მათ სხვადასხვა სახის დაზიანება აქვთ. ისევ რეანიმაციაშია საპროტესტო აქციის დაშლის დროს მძიმედ დაშავებული 21 წლის ალექსი თირქია, რომელსაც გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა.

კლინიკაში, ამ დროისთვის, 15 პაციენტი მკურნალობს. მათგან 8 დღეს უნდა გაწერონ.

“ორი პაციენტი მივიღეთ გუშინ, ღამის განმავლობაში, ორივე მათგანი მდგომარეობა სტაბილურია, აღენიშნებათ რბილი ქსოვილების ტრავმული დაზიანება და თავის ტვინის შერყევა.

15 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. 8 პაციენტი დღეს დატოვებს კლინიკას - მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია. 21 წლის ბიჭთან დაკავშირებით - უგრძელდება მედიკამენტოზური ძილი, სასიცოცხლო პარამეტრები, ამ მომენტისთვის, სტაბილურია,“ - აცხადებს ექიმი ნინო ხარაიშვილი.

“კურიერი“ გაესაუბრა ერთ-ერთ დაზარალებულს, ლაზარე მაღლაკელიძეს, რომელიც აცხადებს, რომ სხეულზე არაერთი მძიმე დაზიანება აქვს მიღებული.

“გადამიყვანეს სასწრაფოში, სადაც დამიდასტურდა მოტეხილი ცხვირი, თავზე დაზიანებები და ტვინის შერყევა, სხვა მცირე დაზიანებებთან ერთად - წატეხილი კბილი, ყბის დაზიანება და ა.შ. ამათ არც ჩამოვთვლი,“ - აცხადებს დაზარალებული.

დღის ამბები