ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულ პირებს ბრალს დღეს წაუყენებენ.
ბოლო ერთ კვირაში, მიმდინარე აქციების ფარგლებში, პოლიციამ სისხლის სამართლის კოდექსით 23 პირი დააკავა. მათგან 13-ს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მონაწილეობასა და საჯაროდ მოწოდებას ედავებიან.
ბოლოს დაკავებულ 5 პირს შორის არის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძეც, რომელიც დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არის უცხო ქვეყნის მოქალაქეც.
ონისე ცხადაძის უფლებადამცველის, ლაშა ცუცქირიძის თქმით, ჯერჯერობით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ოფიციალურად ბრალი არ წარუდგენიათ.
"მოვინახულე ონისე. თავს გრძნობს კარგად. რაც შეეხება მუხლებს, ბრალის შესახებ დადგენილება ჯერ ჩვენთვის ცნობილი არ არის, იმიტომ, რომ რამდენიმე საათის დაკავებულია. დღეს საღამოს, ან ხვალ დილას ველოდებით ბრალის წარდგენის პროცედურებს. ვარაუდის დონეზე შეიძლება ითქვას, რომ რა მუხლებითაც არის დროებით მოთავსების იზოლატორში შეყვანილი, ეს არის ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ან მასში მონაწილეობა. მეორე მუხლი გახლავთ 239 პირმა - ძალადობისკენ მოწოდება. ბრალის წარდგენისა და მტკიცებულებათა წარდგენის შემდეგ ჩვენთვის დეტალურად გახდება ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილი", - განაცხადა ლაშა ცუცქირიძემ.