14 იანვარი 2025,   03:10
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ანზორ კვარაცხელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - დღესვე იმსჯელებენ ანდრო ჭიჭინაძის საქმეზეც

ანდრო ჭიჭინაძეს 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. სამართალდამცველები მსახიობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. რას გადაწყვეტს მოსამართლე, ეს დღეს უნდა გაირკვეს.

"არ აღიარებს ამ აბსურდულ ბრალს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს მას. მზაობა თანამშრომლობასთან დაკავშირებით არის, ნებისმიერ საკითხზე, რაც იქნება საჭირო. უბრალოდ ეს უნდა ვნახოთ ჩვენ მტკიცებულებებთან ერთად. როგორც ბრალდება, ასევე, წარმოდგენილი შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შესახებ არის დაუსაბუთებელი. მასში არის ზოგადი აღწერილობა, რაც აქციებზე ხდება ხოლმე და არა კონკრეტულად ანდროს მისამართით. რაიმე სახის დაზიანება მას არ აქვს მიყენებული. როგორც პირადი, ასევე, სახლის ჩხრეკა ჩატარდა სრული სიმშვიდის თანხლებით. ერთადერთი რაც ამოღებულია ჩხრეკის შედეგად, ეს არის ანდროს მობილური ტელეფონი, რომელიც, ასევე, არ შეიცავს არანაირ უკანონობას," - განაცხადა ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა.

პარალელურად, 25 წლის დემონსტრანტის ანზორ კვარაცხელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სამართალდამცველები მას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელზე თავდასხმას ედავებიან. ადვოკატები აცხადებენ, რომ ანზორ კვარაცხელიას დაკავებისას დაირღვა მისი უფლებები. საუბრობენ სახლიდან აყვანის დროს ძალადობის ფაქტზეც.

"დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის პირობებშიც კი არ არის საკმარისი მტკიცებულება. კონკრეტულ შემთხვევაში არის ვიდეო-მასალა, სადაც ნიღბითაც არის და უნიღბოდ, მაგრამ იქ სადაც უნიღბოდ არის, იმ მომენტში ის არ ისვრის "მოლოტოვის კოქტეილს." ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს კონკრეტული პიროვნება, ზუსტად ის პიროვნებაა, ვინც "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლა პოლიციის თანამშრომელს.

როდესაც პოლიციელი უფლებამოსილებას გადაამეტებს, იქ მყოფი მოქალაქეები პრაქტიკულად თავს იცავენ.

მოვითხოვ დაუყოვნებლივ მის გათავისუფლებას, ვინაიდან ეს დაკავება არის ნამდვილად უკანონო. დაკავების დროს ნამდვილად იძალადეს. რაც შეეხება ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, მინდა გითხრათ, რომ არ ცნობს და დუმილის უფლებით სარგებლობს," - აღნიშნა ანზორ კვარაცხელიას ადვოკატმა, ია ჯღარკავამ.

 

 

დღის ამბები