პრეზიდენტის არჩევნებს პარლამენტის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები აპროტესტებენ - ისინი საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესებს უნდობლობას უცხადებენ. დეპუტატები პარლამენტის შენობაში 9 აპრილის ქუჩიდან შევიდნენ, პარლამენტთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. აქციის მონაწილეები დილიდან შეიკრიბნენ ფილარმონიასთანაც და მსვლელობით დაიძრნენ პარლამენტის შენობისკენ.
9 აპრილის ქუჩაზე დილიდან მობილიზებულია ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, მათ სპეციალური კორდონი აქვთ გაკეთებული. ქუჩაზე ასევე საპროტესტო აქციის წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც დილიდან, მსვლელობით, საკანონმდებლო ორგანოსთან მოვიდნენ. იგივე ვითარებაა ჭიჭინაძის ქუჩაზეც, სადაც ასევე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
საპროტესტო აქციის მონაწილეები დილიდან, მსვლელობით, მოვიდნენ პარლამენტის შენობასთან - დემონსტრანტები პარლამენტში მიმდინარე პრეზიდენტის არჩევნების პროცესს აპროტესტებენ. კენჭისყრა უკვე დაწყებულია და საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩევა. "ქართულ ოცნებას" მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა აქვს წარდგენილი - პარლამენტში შეკრებილი ადამიანები სწორედ ამ პროცესს აპროტესტებენ.
პარლამენტის წინ იმყოფება ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილი. მათი განცხადებით, ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური, ისინი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ნდობას არ უცხადებენ.
დემონსტრანტებს მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, საყვირები, ხმის გამაძლიერებლები და სასტვენები, და ცდილობენ, რომ საკუთარი პოზიცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით სწორედ ასე დააფიქსირონ.
მოთხოვნა საპროტესტო აქციების 15 დღის განმავლობაში არის უცვლელი - ხელახალი არჩევნების ჩატარება და აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირების გათავისუფლება.
რუსთაველის გამზირზე, აქციის პარალელურად, ასევე მიმდინარეობს სპეციალური სცენისა და ხმის გამაძლიერებლების მონტაჟი, ვინაიდან საღამო საათებში პარლამენტის წინ დაგეგმილია ნაძვის ხის ანთების ცერემონია.