საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას და მოწოდებას დიალოგისთვის.
შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკური დიალოგისთვის და განხილვებისთვის - ადგილი პარლამენტია, სადაც ოპოზიცია შესვლას არ აპირებს.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ჭეშმარიტი ევროპელებისგან დღეს უნდა ისმოდეს მოწოდება მხოლოდ იმისკენ, რომ ოპოზიციამ საკუთარი ამომრჩევლების ნება პარლამენტის კედლებს შიგნით განახორციელოს.
გარდა ამისა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლისთვის დემოკრატია საკუთარ ქვეყანაში გულისხმობს ხალხის ნების გატარებას, ხოლო სხვა ქვეყანაში – საკუთარი ნების მოხვევას სხვა ქვეყნის ხალხებზე.
"საქართველოს ოპოზიციას პარლამენტში აქვს 61 მანდატი, შესაბამისად, დიალოგის რესურსი, პოლიტიკური ბატალიების თუ დებატების სივრცე, ეს არის პარლამენტი. ამიტომ, ყველა პოლიტიკურმა ძალამ ნება უნდა იბოძოს და ეს 61 მანდატი მიიღოს, შემოვიდეს პარლამენტი და აქ არის ის არენა, სცენა, სადაც უნდა იყოს პოლიტიკური დებატი.
მინდა, მოვუწოდო ყველა უცხოელ აქტორს, რომ აღიარონ დემოკრატია. დღეს საქართველო ევროკავშირისთვისაც არის ტესტი. უნდა ვნახოთ, შეძლებს თუ არა ევროკავშირი, რომ ჩააბაროს ეს ტესტი, რომ ერთგულია დემოკრატიული ღირებულებებისა და სხვა ქვეყნის ხალხის სუვერენიტეტისა.
ზოგიერთი წარმომადგენლისგან ჩვენ ვხედავთ, რომ საკუთარ ქვეყანაში გულისხმობს ხალხის ნების გატარებას, ხოლო სხვა ქვეყანაში – საკუთარი ნების მოხვევას სხვა ქვეყნის ხალხებზე. ამიტომ, ჩემი მოწოდებაა ყველას მიმართ, აღიარონ ქართველი ხალხის ნება, აღიარონ დემოკრატია, ეს არის ტესტი ევროკავშირისთვის. დარჩება ის ერთგული ევროკავშირის ფასეულობებისა, თუ აირჩევს იმ გზას, რომელსაც ზოგიერთი ქვეყანა ადგას, მათ შორის, ჩვენს ჩრდილო სამეზობლოში, რომელიც ცდილობს, სხვა ხალხებს მოახვიოს საკუთარი ნება. ჩვენ ვნახეთ ამ დღეებში ჩამოსული ზოგიერთი ფსევდო ევროპელი, ხოლო თავისი გულით კვლავ საბჭოთა მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგით განსაზღვრონ, თუ როგორი ხელისუფლება იქნება საქართველოში და არა ისე, რომ ქართველი ხალხის ნება იყოს მათთვის განმსაზღვრელი.
26 ოქტომბერს ჩატარდა არჩევნები, რომელშიც ქართველმა ხალხმა გადაანაწილა საკუთარი პოლიტიკური პრეფერენციები. საქართველოს პარლამენტში "ქართულმა ოცნებამ" მიიღო თავისი წილი მანდატებისა, ოპოზიციამ – თავისი წილი მანდატებისა და ყველამ უნდა აღიაროს ეს მანდატები, შემოვიდეს პარლამენტში და აქ არის ზუსტად ადგილი დიალოგისა. ნებისმიერი სხვა სივრცე დიალოგისა, ეს არის პოლიტიკური რადიკალიზმი. პოლიტიკურ რადიკალიზმს ჩვენ არც დავუშვებთ და ეს სცდება ევროპულ ღირებულებებს. ამიტომ, ერთადერთი მოიწოდება, რომელიც დღეს უნდა ისმოდეს ჭეშმარიტი ევროპელებისგან, არის მოწოდება ოთხი პარტიის მიმართ, რომ მათ საკუთარი მანდატი მიიღონ და განახორციელონ საკუთარი ამომრჩევლების ნება პარლამენტის კედლებს შიგნით", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.