დიალოგისთვის პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციას საკანონმდებლო ორგანოში ეპატიჟება. შალვა პაპუაშვილი, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოწოდების შემდეგ - დაიწყოს დისკუსია პოლარიზაციის დასასრულებლად, ამბობს, რომ ერთადერთი სივრცე, სადაც პოლიტიკოსებმა პრობლემების გადაჭრაზე უნდა ისაუბრონ სწორედ პარლამენტია. პირველი კანონმდებელი ოპონენტებს საკუთარი მანდატების ათვისებას ურჩევს, თუმცა, მოლოდინი, რომ ეს მოხდება, არ აქვს. არგუმენტად პაპუაშვილი იმ განცხადებებს ასახელებს, რომელიც ოპოზიციისგან ალენ ბერსეს ვიზიტის შეფასებას მოჰყვა.
ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ ალენ ბერსეს განცხადებები მის მანდატს გასცდა და ევროპელმა მაღალჩინოსანმა კრიტიკა სწორედ ამიტომ დაიმსახურა. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი დიალოგს მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუკი მაგიდაზე მათი ორი მოთხოვნა - ხელახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება დაიდება.
ოპოზიციის მეორე ნაწილი, ნებისმიერ შემთხვევაში, დიალოგის წინააღმდეგია. ხელისუფლების ოპონენტებისთვის გაუგებარია, რატომ წამოვიდა ეს გზავნილი ევროსაბჭოს მაღალჩინოსნისგან.
ოპოზიციის მოთხოვნას სახელისუფლებო გუნდი არასერიოზულს უწოდებს. "ქართულ ოცნებაში" არ უკვირთ ის განცხადებებიც, რომელიც მათმა ოპონენტებმა ევროპელი სტუმრის წინააღმდეგ გააკეთეს. "ქართულ ოცნებაში" დღეს თქვეს, რომ დისკუსიისთვის კარი არაერთხელ გახსნეს, გაიხსენეს პრემიერ-მინისტრის მოწოდებებიც, თუმცა, ყველა ასეთ წინადადებაზე, მმართველი პარტიის თქმით, ოპოზიციისგან უარი მიიღეს.
ალენ ბერსეს ვიზიტს აფასებს პრემიერ-მინისტრიც, რომელიც ევროპელ სტუმარს საქართველოში 2-ჯერ შეხვდა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიცია, მათთვის მიუღებელი გზავნილების გამო, თავს ესხმის ევროპელ ლიდერს.
ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა საქართველო უკვე დატოვა - 4 დღის განმავლობაში კი არაერთი შეხვედრა გამართა. ალენ ბერსე ესაუბრა პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ომბუდსმენს, შეხვედრები გაიმართა პრეზიდენტთან, ოპოზიციასთან, მესამე სექტორთან, აქციებზე დაშავებულ დემონსტრანტებთან და ჟურნალისტებთან. ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა საკუთარი ვიზიტი პრესკონფერენციით შეაჯამა და მხარეებს, პოლარიზაციის განსამუხტად, დიალოგისკენ მოუწოდა.