ახალ წლამდე 10 დღით ადრე, გერმანიაში ტრაგედია ტრიალებს. ქალაქ მაგდებურგში, საშობაო ბაზრობაზე მანქანა ხალხში შევარდა. შემთხვევის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 200-მდე პირი დაშავდა. შემთხვევიდან მალევე, ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები მივიდნენ.
ამ დროისთვის, კრიტიკულია 41 ადამიანის მდგომარეობა, 90 მძიმედ, 80-ზე მეტი კი მსუბუქადაა დაშავებული. რა გახდა დანაშაულის მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია. პოლიციის ინფორმაციით, გამოძიება ამ ეტაპზე განიხილავს, რომ თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა. 50 წლის საუდის არაბეთის მოქალაქე, რომელიც გერმანიაში 2006 წელს ჩავიდა, სამართალდამცველებმა დანაშაულის ადგილზე დააკავეს. ცნობილია, რომ ის ბოლო დროს საქსონია-ანჰალტში, ფსიქოთერაპიის სფეროში ექიმად მუშაობდა.
"გარდიანის" ცნობით, ოლაფ შოლცი მაგდებურგში ჩავიდა. გერმანიის კანცლერმა დაშავებულებისა და დაღუპულების ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ თავდასხმას საფუძვლიანად გამოიძიებენ.
ამჟამად, საშობაო ბაზარი დახურულია და ადგილზე საგანგებო სამსახურები არიან მობილიზებული.