22 დეკემბერი 2024,   07:36
ვრცლად
რუსმა სამხედროებმა, ხერსონის ოლქში, ონკოლოგიურ კლინიკაზე საჰაერო იერიში მიიტანეს - რა ვითარებაა უკრაინაში ომის 1 031-ე დღეს

ოკუპანტის სამიზნე ისევ მშვიდობიანი მოსახლეობაა. გასულ ღამით შეტევა იყო ხერსონის ოლქზე. რუსმა სამხედროებმა რაიონის ონკოლოგიურ კლინიკაზე საჰაერო იერიში განახორციელეს. უტევენ დონეცსკსაც - სულ სარაკეტო დარტყმების შედეგად, 20-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, არიან დაშავებულებიც, განადგურებულია ინფრასტრუქტურა.

უკრაინა იცავს თავს და ასევე განაგრძობს ოკუპანტის ტერიტორიაზე შეტევას. ყაზანში რვა დრონის თავდასხმა დაფიქსირდა, მათგან ექვსმა იერიში საცხოვრებელ სახლებზე განახორციელა. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, დრონების ერთ-ერთი სამიზნე სამრეწველო საწარმო იყო, რომლის ზუსტი დასახელებაც უცნობია. მომხდარის გამო თათრეთის რესპუბლიკაში შაბათ-კვირას დაგეგმილი ყველა მასობრივი ღონისძიება გაუქმდა.

ომში მყოფი ქვეყნის დიპლომატებს მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკი ელჩებს მადლობას უხდის და ამბობს, რომ დიპლომატიური პროცედურების შესაბამისად, სხვადასხვა ქვეყანაში მომავალი ელჩების სია უკვე ფორმირებულია.

უკრაინისთვის დახმარების გაზრდაზე საუბრობს დონალდ ტრამპი. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი "რესპუბლიკელებზე" დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, აშშ ის არჩეული პრეზიდენტი თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ უკრაინის დახმარების გაგრძელებას გეგმავს.

უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრობს გერმანიის თავდაცვის მინისტრი. ბორის პისტორიუსის აცხადებს, რომ მას შეუძლია უკრაინაში გერმანელი ჯარისკაცები წვრთნებისთვის გაუშვას მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაპირისპირებულ მხარეებს შორის საომარი მოქმედებები შეწყდება. მინისტრმა ამის შესახებ გერმანულ მედიას განუცხადა. პისტორიუსი ასევე ადასტურებს, რომ 2024 წელს სამხედრო სამსახურზე 2400-ზე მეტი განმცხადებელი ამბობს უარს, რაც, მისივე თქმით, წინა წლებთან შედარებით, 50 პროცენტით მეტია, მაჩვენებელი კი, განსაკუთრებით, უკრაინაში ომის შემდეგ გაიზარდა.

 

ავტორი:  მარიამ იობიძე

დღის ამბები