29 დეკემბერი 2024,   05:37
ვრცლად
"ეს არის საკუთარი ქვეყნის მსახურების, უანგარო პატრიოტიზმისთვის მიღებული ჯილდო" - დავით მათიკაშვილი ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას, მმართველ გუნდში აფასებენ. 

მათი განცხადებით, დასანქცირების მიზეზი არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში მშვიდობას ინარჩუნებს.  

"ბატონი ბიძინა ივანიშვილი არაფორმალური სანქცირების ქვეშ იმყოფება მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ, ჩვენი ქვეყნის უკრაინიზაციის გეგმაზე არ მოაწერა ხელი და ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნა. ბიძინა ივანიშვილის სანქცირება ეს არის სამების ეკლესიის მშენებლობის სანქცირება და ყველა იმ უდიდესი კეთილი საქმის სანქცირება, რაც საქართველოში ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა. რაც ყველაზე მთავარია, რას ვერ პატიობენ ბატონ ბიძინას - ეს არის 2012 წელი, მაშინ, როდესაც დასავლეთში დემოკრატიის შუქურად მიჩნეული სადისტური რეჟიმი, რომელიც სინამდვილეში საკუთარი ქვეყნის ტანჯვით იყო დაკავებული, პოლიტიკურ სანაგვეზე სამუდამოდ მოისროლა.

ეს არის საკუთარი ქვეყნის მსახურების, უანგარო პატრიოტიზმისთვის მიღებული ჯილდო. ჩვენ ვართ ამაყი იმით, რომ გვყავდა, გვყავს და აუცილებლად გვეყოლება ჩვენი დროის ისეთი გმირები, რომლებიც უცხოეთიდან მიღებული დავალებებით არ იმოქმედებენ და საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ბოლომდე განახორციელებენ,"- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.

სანქციებზე გადაწყვეტილება სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა გამოაქვეყნა, რასაც მალევე მოჰყვა სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განმარტება.

ამერიკის სახელმწიფო მდივანი თავის განცხადებაში ამბობს, რომ მკაცრად გმობს "ქართული ოცნების" ქმედებებს ივანიშვილის ლიდერობის ქვეშ და აცხადებს, რომ შეერთებული შტატები შემართულია მოითხოვოს მათი პასუხისმგებლობის დაყენება, ვინც საქართველოში დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს უთხრის ძირს.

დღის ამბები