"ასეთი გადაწყვეტილება პირდაპირ აჩვენებს, რაზეც იყო თავიდანვე საუბარი, რომ ეს ანგარიშები სხვადასხვა ბანკში გამოიყენებოდა იმისთვის, რომ ზეწოლა მოეხდინათ ბიძინა ივანიშვილზე, რათა გაეტარებინა ის პოლიტიკური კურსი, რომელიც სურდათ ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებს," - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით გააკეთა.
მისივე თქმით, ეს ზეწოლა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაიწყო, ხოლო საქართველოსგან ითხოვდნენ სანქციებს, ესკალაციას, მოხალისეების გაშვებას და ა.შ.
"გამოდის, რომ ის ბანერი, რომელიც აშშ-ის საელჩომ დაგვიხატა ქართველ ხალხს და ფიქრობდა, რომ გაუნათლებლები ვართ გეოგრაფიაში და გვაჩვენებდა, თუ სად იყო ამერიკის შეერთებული შტატები და სად - სინგაპური, აღმოჩნდა, რომ თავად ვერ ერკვეოდნენ გეოპოლიტიკაში.
ყოველ შემთხვევაში, ასეთი გადაწყვეტილება პირდაპირ აჩვენებს, რაზეც იყო თავიდანვე საუბარი, რომ ეს ანგარიშები სხვადასხვა ბანკში გამოიყენებოდა იმისთვის, რომ ზეწოლა მოეხდინათ ბიძინა ივანიშვილზე, რათა გაეტარებინა ის პოლიტიკური კურსი, რომელიც სურდათ ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებს. შეგახსენებთ, რომ ეს დაიწყო უკრაინაში შეჭრის შემდეგ და ვიცით, რასაც ითხოვდნენ ჩვენგან - სანქციებს, ესკალაციას, მოხალისეების გაშვებას და ა.შ." - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები 27 დეკემბერს დაუწესა. სანქციები ეხება Credit Suisse-თან მის დავასაც.