02 იანვარი 2025,   15:31
ვრცლად
"რეალურად, ეს არის გამაფრთხილებელი სანქცია, რადგან ეს შეეხება მხოლოდ მას პერსონალურად. ეს სანქციები აუცილებლად გამძაფრდება" - ირაკლი კუპრაძე

ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით, ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში შეაფასეს. კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი, ირაკლი კუპრაძე მიიჩნევს, რომ ეს სანქციაც გამაფრთხილებელი ხასიათისაა და მომავალში, ის აუცილებლად გამკაცრდება.

"აშშ ზემოქმედების საშუალებად იყენებს დემოკრატიულ მეთოდებს და ეს არის სანქცია, რომელზეც არაერთხელ გააფრთხილა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილი, თავისი ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამო. ამ გაფრთხილების გაუთვალისწინებლობის შემდეგ, დადგა პირველი რეალური სანქცია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ რომელიც, რეალურად, არის ასევე გამაფრთხილებელი სანქცია, რადგან ეს შეეხება მხოლოდ მას პერსონალურად. ეს სანქციები აუცილებლად გამძაფრდება, თუ ივანიშვილი არ შეცვლის საკუთარ ქცევას", - აცხადებს ირაკლი კუპრაძე.

პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ სანქცია ეხება ნებისმიერი მიმართულებით გაკეთებულ ტრანზაქციებს და ის Credit Suisse-თან დაკავშირებულსაც ავტომატურად შეეხებოდა.

"ჯერ ერთი, მხოლოდ Credit Suisse-ის თანხებს არ შეხებია - ეს შეეხო ნებისმიერი მიმართულებით გაკეთებულ ტრანზაქციებს. რა თქმა უნდა, იქ ეწერებოდა თუ არა Credit Suisse-ის ტრანზაქცია, ის მოექცეოდა ავტომატურად ამ სანქციების ქვეშ," - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები 27 დეკემბერს დაუწესა. სანქციები ეხება Credit Suisse-თან მის დავასაც.

დღის ამბები