08 იანვარი 2025,   00:36
ვრცლად
"აღენიშნებოდა მესამე ხარისხის დამწვრობა" - ექიმის პირველი კომენტარი დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, ხანძრისას დაშავებული ქალის მდგომარეობაზე

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაშავებული ქალი რუხის კლინიკიდან ქუთაისის რეფერალურ კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმის თქმით, პაციენტს მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის, თუმცა სტაბილურია.

"პაციენტი გადმოყვანილ იქნა რუხის კლინიკიდან კატასტროფის ბრიგადის მიერ, თერმული დამწვრობით. პაციენტის მდგომარეობა, შემოსვლისას, იყო ზოგადი სიმძიმის. იყო კონტაქტური, ადეკვატური, აღენიშნებოდა მესამე ხარისხის დამწვრობა სახისა და წინა მხრის არეში. ამ ეტაპისთვის პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ჩაუტარდა პირველადი ქირურგიული დამუშავება, შეხვევა და გადაყვანილ იქნა ქირურგიულ განყოფილებაში", - აღნიშნა ექიმმა.

რაც შეეხება დაღუპულ ბავშვებს, ოჯახის ნათესავის ინფორმაციით, ცხედრებს არ გადმოასვენებენ და მათ ოკუპირებულ გალის რაიონში დაკრძალავენ.

ცნობისთვის, სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში გლოვის დღე გამოცხადდა. გალის რაიონის სოფელში ხანძარს 5 მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვების ბებიას, შეშის ღუმელის დანთებისას, ნავთი და ბენზინი აერია. ხანძარმა საცხოვრებელი სახლი მომენტალურად მოიცვა და მცირეწლოვანი ბავშვების გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დღის ამბები