09 აგვისტო 2026,   23:53
ვრცლად
"ლევილის დედა" - მოზარდ მაყურებელთა თეატრი ტრაგიკული ქალისა და მისი თანამებრძოლი მეუღლის ისტორიას სცენიდან მოგიყვებათ

ბრძოლის ველზე, ჯავშანმატარებელში გატარებული წლების შემდეგ გადასახლებულმა წყვილმა თავი საფრანგეთს შეაფარა. სამშობლოში დაბრუნების იმედს არ კარგავდნენ და ლევილში ჩასულებმა, არ იცოდნენ, რომ ეს ადგილი ქართველი ემიგრანტების თავშესაფარი გახდებოდა.

წლების შემდეგ, "ლევილის დედა" შეარქვეს. ნამეტია ბერძენიშვილმა ფულის შეგროვება დაიწყო, იმისთვის, რომ ლევილში მიწა ეყიდა და ემიგრაციაში გარდაცვლილი ქართველები ერთად დაეკრძალა. ოკუპაციის გამო, საფრანგეთში გადასახლებული ქართველი ემიგრანტების ამბავი საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ლევილის დედის შთამომავლებმა კი რეალური ამბავი პიესად აქციეს, რომელსაც ასეც უწოდეს - "ლევილის დედა". სპექტაკლი, რომლის პრემიერასაც მოზარდ მაყურებელთა თეატრში ამ დღეებში ითამაშებენ, მთლიანად ნამეტია ბერძენიშვილის ცხოვრებაზე მოგვითხრობს.

მოზარდ მაყურებელთა თეატრში, ახლა ბოლო რეპეტიციები მიმდინარეობს. ერთმოქმედებიანი დადგმა ემიგრაციის საინტერესო და ამავდროულად სევდიან ფრაგმენტებსაც ასახავს.

თეატრის სცენას, გამოცდილ არტისტებთან ერთად, ახალგაზრდა მსახიობებიც იკავებენ. ახალი თაობისთვის ისტორიული მოვლენების ინსცენირება ორმაგად საპასუხისმგებლოა.

ისტორიას ლევილის დედაზე მაყურებელი პირველ თებერვალს ნახავს. საპრემიერო ჩვენება ასევე 9 და 22 თებერვალს გაიმართება.​

დღის ამბები