21 მარტი 2025,   11:25
ვრცლად
ნაკადულის კალმახის გასამრავლებლად დასავლეთ საქართველოს მდინარეებში ასიათასობით ქვირითი ჩაიდო - ბრაკონიერობის, დაბინძურებისა და კლიმატის ცვლილების გამო კატასტროფულად შემცირებული სახეობის გადარჩენა გრძელდება

ქვემო სვანეთში, მდინარე ხელედულა "წითელ ნუსხაში" შეტანილი მდინარის კალმახის 20 000 ქვირითით დათევზიანდა. რამდენიმე კვირაში ათასობით ლიფსიტა ცურვას დაიწყებს. ხელდულადან კი კალმახის ნაკადი ცხენისწყლისკენ სამი ათეული წლის შემდეგ გაცურავს.

მდინარის კალმახის პოპულაციის გასაზრდელად, რაჭა-ქვემო სვანეთის სხვა მდინარეები ამ ეტაპზე, სულ 100 000 ქვირითით დათევზიანდა.

90 000 ქვირითიდან გამოჩეკილი წითელ ნუსხაში შეტანილი თევზი კი კახეთის
მხარეში, ბაწარა ბაბანეურის დაცულ ტერიტორიებზე გამრავლდება. მდინარეებში თევზის ხელოვნურად გამრავლება ევროპის არაერთ ქვეყანაშიც აპრობირებული მეთოდია.

საქართველოს მდინარეებში მოწყვლადი სახეობების აღდგენისთვის ჩატარებული ღონისძიებები, ველური ბუნების სააგენტოს პროექტის ფარგლებში ხორციელდება. სააგენტოს ინფორმაციით, პროექტმა ათობით მდინარე უკვე მოიცვა და მილიონობით ქვირითით დათევზიანება მოხდა. პარალელურად, მუდმივ რეჟიმში ხდება მდინარეების მონიტორინგი და პოტენციალის შესწავლა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მდინარეებში აღდგენილი სიცოცხლე, გარემოს მრავალფეროვნებისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

ნაკადულის კალმახის გამრავლების პროექტის, 2025 წლის გეგმის მიხედვით, საქართველოს მდინარეები კიდევ 700 000 ქვირითით უნდა დათევზიანდეს.

ბიომრავალფეროვნების აღდგენის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით ხორციელდება.

საქართველოში წითელი ნუსხის სახეობის ნაკადულის კალმახის აღდგენა 2016 წლიდან დაიწყო და დღემდე მდინარეების დათევზიანება, 3.5 მილიონი ქვირითით მოხდა.

ავტორი: ირაკლი კოშაძე.

დღის ამბები