
ეკონომიკური ზრდა, სოციალური თანასწორობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა - პრემიერ-მინისტრმა მთავრობათა სამიტის მონაწილეებს მიმართა და საქართველო - არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებული პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. პრემიერის შეფასებით, ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული პარტნიორობის მაგალითია ის მემორანდუმი, რომელიც საქართველოში 6 მილიარდი ამერიკული დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებს.
2025 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა, მომავლის მთავრობების ჩამოყალიბებაა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობისა და სხვადასხვა ქვეყნებთან სავაჭრო-პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება მნიშვნელოვანი ფაქტორია. სწრაფი ეკონომიკური ზრდა, უცხოური პირდაპირი ინვესტიციები, გაზრდილი ექსპორტი და ტურიზმიდან მიღებული რეკორდული შემოსავლები, სტაბილური ბიზნესგარემო - ირაკლი კობახიძემ სამიტის მონაწილეებს უთხრა, რომ საქართველო ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა.
პრემიერ-მინისტრმა საკუთარ სიტყვაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზეც. საერთაშორისო დაკავშირებადობა და პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს, საქართველო ციფრული ჰაბი გახდეს. ირაკლი კობახიძის შეფასებით, დერეფნის ფუნქცია, რომელიც საქართველოს ბუნებრივად აქვს ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და აზიას შორის, საქართველოსა და მისი პოტენციური პარტნიორებისთვის დადებითი ბენეფიტების მომტანია.
საქართველოში არსებული ბიზნესგარემო, ტურიზმის, ენერგეტიკისა და უძრავი ქონების სექტორში ინვესტირების შესაძლებლობები განიხილა ირაკლი კობახიძემ ქუვეითის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს. შეხვედრაზე ითქვა, რომ ორი ქვეყნის სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებს სამომავლოდ დიდი პოტენციალი გააჩნია. დელეგაციის წევრები, რომლებიც პრემიერ-მინისტრთან ერთად მსოფლიო მთავრობათა სამიტში მონაწილეობენ, ამბობენ, რომ მსგავსი ფორმატები, პოლიტიკურ თუ ბიზნეს წრეებთან დიალოგისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა.
30-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური, 80-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაცია და 140 ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია. რიგით მე-12, მსოფლიო მთავრობათა სამიტს დუბაი მასპინძლობს.