22 მარტი 2025,   04:34
ვრცლად
სპორტის კომიტეტმა 2025 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

პარლამენტის სპორტის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე 2025 წლის სამოქმედო გეგმა განიხილა და ერთხმად დაამტკიცა.

"მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული გვაქვს ოთხი სტრატეგიული მიზანი: კანონშემოქმედებითი საქმიანობა; საზედამხედველო საქმიანობა; საჯაროობის, ანგარიშვალდებულებისა და თანამონაწილეობის პრინციპზე დაფუძნებული საქმიანობის წარმართვა და კომიტეტის ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარება. ამ მიზნების შესრულებისთვის განვსაზღვრეთ მთელი რიგი ამოცანები, რომელთა გადაჭრაში კომიტეტის ყველა წევრი მიიღებს მონაწილეობას“, - განაცხადა სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ სანიკიძემ.

კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ბავშვთა და სასკოლო ასაკის პირთა სპორტში ჩართულობას, სპორტული ორგანიზაციებისა და ფედერაციების საქმიანობას, საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ანტიდოპინგური საქმიანობის განვითარების ერთწლიანი პროგრამის განხორციელებას და ა.შ.

კომიტეტი ტრადიციულად გამართავს გასვლით სხდომებსა და სამუშაო შეხვედრებს სხვადასხვა რაიონში ადგილობრივი მუნიციპალური ხელისუფლების, სპორტული ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სპორტსმენებთან, სპორტის პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

კომიტეტის წევრებმა ამავე სხდომაზე ცნობად მიიღეს სპორტის კომიტეტის ანგარიში 2024 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ.

ორივე დოკუმენტი პარლამენტის ბიუროს წარედგინება.