2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს. გადაწყვეტილება კომისიამ პირველ საორგანიზაციო სხდომაზე მიიღო.
საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში 10 წევრია. ჯგუფში ორი ადგილი ვაკანტური რჩება და ის განკუთვნილია გახარიას გუნდის წევრებისთვის.
კომისიის მდივნად სოზარ სუბარი აირჩიეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ შეუძლებელია ააშენო სამართლებრივი სახელმწიფო, თუ წარსულს სწორად არ შეაფასებ.
"ჩვენი მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, დიდი ხანია, ითხოვს და ელოდება ამ კომისიის შექმნას და დიდი იმედითაც შეჰყურებს იმიტომ, რომ შეუძლებელია ააშენო სამართლებრივი სახელმწიფო, თუ წარსულს სწორად არ შეაფასებ და შეფასებაა, ბოლოს და ბოლოს გაკეთებული აქვს არა ერთხელ, თუნდაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და ხშირად ვიმეორებ და კიდევ ერთხელ ვიტყვი, საქმეში "ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ", როცა თქვა, რომ ადგილი ჰქონდა სისტემურ და სისტემატურ დანაშაულს, ეს უკვე ვალდებულებაც არის სახელმწიფოსი, დაგვავალა პირდაპირ, რომ გავხსნათ საქმე და ეს შესაბამისი შეფასება ჩვენც უნდა მივცეთ, არა მხოლოდ ცალკეულ საქმეებს, არამედ მთლიანად რეჟიმს, რა იყო, რა ხდებოდა", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი.