24 მარტი 2025,   01:31
ვრცლად
"ხაზი გაუსვეს, რომ წყლის ხარისხი არის ძალიან ცუდი, ასევე აქვთ ტრანსპორტის პრობლემა, მოვუწოდებ ადგილობრივ ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯები გადადგან" - ომბუდსმენი ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში ჩავიდა

სახალხო დამცველი გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხურვალეთის დევნილთა დასახლებას ეწვია. ომბუდსმენმა შეხვედრა გამართა ხურვალეთში მცხოვრებ მოსახლეობასთან და მოისმინა ინფორმაცია მათი პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ.

მისი განმარტებით, მოსახლეობას წყლის და ტრანსპორტის პრობლემა აქვს და ადგილობრივ ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

"ხაზი გაუსვეს, რომ წყლის ხარისხი არის ძალიან ცუდი. დაბინძურებულია და პრაქტიკულად ისინი ვერ იყენებენ ამ წყალს სასმელად. ასევე არის ტრანსპორტის პრობლემა. ეს პრობლემა სხვაგანაც არის, პრაქტიკულად რამდენიმე სოფელი მოწყვეტილია მუნიციპალური ტრანსპორტის შესაძლებლობას. გასაგებია, რომ დადის სამარშრუტო და კერძო ტაქსები, მაგრამ ამ ადამიანების თხოვნა და მოთხოვნაა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი იყოს დანიშნული. ეს რამდენიმე სოფელს მისცემს საშუალებას დაუკავშირდნენ ქალაქს გორს თუ თბილისს. გარდა ამისა, არის სხვა საჭიროებებიც, მაგრამ ეს ორი საკითხია ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც დგას ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში. მოვუწოდებ ადგილობრივ ხელისუფლებას ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადადგას", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

დღის ამბები