
ქუთაისის ცენტრალური პარკის გახსნა "გვირილობის" დღესასწაულისთვის იგეგმება. დაახლოებით, 15 მილიონ ლარამდე გამოიყო ბიუჯეტიდან, რათა 1821 წელს გაშენებულ ბულვარში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარებულიყო. პროექტი განახლებული რეგიონების პროგრამის ნაწილია.
ისტორიული სივრცე, ქუთაისელების თავშეყრის ადგილი ისევ გახდება. ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. ტრადიციული სახალხო დღესასწაული "გვირილობა" ტრადიციულ ადგილზე განახლებული ინფრასტრუქტურით ჩატარდება.
ისტორიული ადგილი ტრადიციულ იერსახეს შეინარჩუნებს - გეგმარება უცვლელი დარჩება, განახლდება მხოლოდ არსებული ინფრასტრუქტურა, სადაც მიმდებარე ტერიტორიისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული ელემენტები იქნება გამოყენებული. მოეწყობა სარწყავი და სადრენაჟე სისტემები, განახლდება არსებული შადრევნები, მოპირკეთდება საფეხმავლო ბილიკები. ცენტრალურ პარკს ახალი რეკრეაციული სივრცე დაემატება. გაიხსნება მედიათეკა.