უამინდობასთან დაკავშირებით, ბათუმში საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალური სამსახურები. ბათუმის მერიის ინფორმაციით, სპეცტექნიკით მიმდინარეობს ქუჩების, ტროტუარების წმენდა თოვლის საფარისაგან და ტექნიკური მარილის დაყრა.
"უწყვეტად გრძელდება ქალაქის სანიაღვრე სისტემის წმენდა. ამ ეტაპისთვის, ზღვაში გამსვლელი ყველა არხი გამტარუნარიანია.
გამწვანების სამსახურის მიერ მიმდინარეობს დათოვლილი ხე-მცენარეების დაფერთხვის ღონისძიებები.
სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდება როგორც ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, ასევე შემოერთებულ ტერიტორიებზე.
მობილიზებულია 40 ერთეულზე მეტი სპეცტექნიკა და 500-მდე თანამშრომელი.
მუნიციპალური ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება.
ამ დროისათვის ქალაქში მდგომარეობა სტაბილურია", - აღნიშნულია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.